This isn't an official website of the European Union

დეზინფორმაცია: უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის გამოსვლა ევროპარლამენტში გამართულ დებატებში

08.03.2022

მოცემული ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს წარმოთქმული სიტყვისგან

დილა მშვიდობისა, ბატონო თავმჯდომარევ, დებატებში მონაწილე კომიტეტის წევრებო, ევროპარლამენტის წევრებო

ჩვენ ვხედავთ, როგორ აგრძელებს რუსეთი თავდასხმას უკრაინაზე და კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რატომ უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება უცხო ქვეყნების მხრიდან  ჩარევას და განსაკუთრებით მათ მიერ დეზინფორმაციის გავრცელებასა და ინფორმაციით მანიპულირებას. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს სტაბილურობას, ჩვენს უსაფრთხოებას - და ჩვენ მას უნდა შევებრძოლოთ. ამიტომ, ვაფასებ თქვენს მოხსენებას და საგარეო ჩარევის საწინააღმდეგო სპეციალური კომიტეტის მუშაობას.

ინფორმაციით მანიპულირება და ჩარევა არის ის, რასაც რუსული პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად იყენებს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო კამპანიის პარალელურად, ავრცელებს რა საკუთარ მოსახლეობაში ცრუ ინფორმაციას უკრაინაზე თავდასხმის მიზეზებისა და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ.

ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინაში შეჭრამდე ბევრად ადრე, კრემლის მედია საშუალებები ამზადებდნენ ნიადაგს აგრესიის მიზეზისა და შედეგების შებრუნებული სახით ჩვენებისა და რუსეთისა და რუსი ხალხის ერთგვარ მსხვერპლად წარმოჩენის გზით: „გენოციდი“; „[უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ] ზელენსკი გენოციდს აწარმოებს. ზელენსკი არის კრიმინალი, არის დასავლეთის  მარიონეტი და როდესაც ისინი კიევში ჩავლენ, ჩაატარებენ მეორე ნიურნბერგს უკრაინის იმ ნაცისტებისაგან გასაწმენდად, რომლებიც რუსი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს აწარმოებენ“. ეს არის დაახლოებით ის ნარატივი, რომელსაც ისინი სისტემატურად ავრცელებენ. ისინი თავს ესხმიან დემოკრატიულად არჩეული უკრაინის მთავრობის ლეგიტიმურობას, წარმოაჩენ რა უკრაინის ხელისუფლებას, როგორც "სახელმწიფო გადატრიალების" შედეგს, რომელიც ხელისუფლებაში არა არჩევნების, არამედ "სახელმწიფო გადატრიალების" გზით მოვიდა: "ის არის კრიმინალი, სამხედრო დამნაშავე, ის არის ნაცისტი, დიქტატორი". ამახინჯებენ ისტორიულ ფაქტებს. ისტორიის ინტერპრეტაცია ძალიან განსხვავებული გზებით არის შესაძლებელი, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ზელენსკი არის სამხედრო დამნაშავე და ნაცისტი, რომელიც რუსი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს აწარმოებს, ისტორიის ინტერპრეტაციაც აღარ არის.

კრემლი და მისი მედია საშუალებები მუდმივად ცრუობენ არსებული ვითარების, საომარი მდგომარეობისა და უკრაინის მოსახლეობის ტანჯვის შესახებ. ისინი სისტემატურად აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება თავად ბომბავს საკუთარ მოქალაქეებს და ახდენს ბირთვული საფრთხეების პროვოცირებას ამ ყველაფერში რუსეთის დასადანაშაულებლად. მსგავსი ამბები სისტემატურად ვრცელდება. რუსეთის მოსახლეობა მუდმივად ისმენს  „რუსოფობიის“ შესახებ, რომელზეც  სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედია საუბრობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი ზომები მიმართულია რუსეთის ხელისუფლების და არა რუსი ხალხის წინააღმდეგ და რომ არსებული ვითარება არის პრეზიდენტი [ვლადიმერ] პუტინის ქმედებების შედეგი. და თუ მას სურს ამ პრობლემის მოგვარება, ომი უნდა შეწყვიტოს.

სახელმწიფო მედია და მის გარშემო არსებული „ეკოსისტემა“ გამოიყენება საშუალებად ამ ნარატივების დასამკვიდრებლად, ინფორმაციით მანიპულირებისათვის და ადამიანების შეცდომაში შესაყვანად. ისინი აგრესიის განუყოფელი ნაწილია - ეს არ არის მხოლოდ სახლების, ინფრასტრუქტურის, ადამიანების დაბომბვა; ისინი მათ გონებას, მათ სულებს ბომბავენ. რუსეთის ხელისუფლება ახშობს დამოუკიდებელ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, აიკრძალა Twitter, აიკრძალა Facebook, ასევე  რუსეთში მუშაობა აეკრძალა გარკვეულ უცხოურ მედია საშუალებებს. კრემლმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობას უკრაინის ომის შესახებ მათი აზრით „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელებისთვის. ეს თქვენ და იმ საერთაშორისო ჟურნალისტებს, რომლებიც რუსეთში  სასიცოცხლოდ მნიშნელოვან საქმეს აკეთებენ, შეიძლება 15-წლიანი პატიმრობის ფასად დაგიჯდეთ. შედეგად, ისინი რუსეთის მოქალაქეებს ართმევენ წვდომას დამოუკიდებელ მედიასა და დამოუკიდებელ ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში და როგორ იქცევიან იქ რუსეთის შეიარაღებული ძალები.

რუსეთს საკუთარი მოქალაქეები გარე სამყაროდან შემოსული ინფორმაციისგან სრული იზოლაციისაკენ მიჰყავს. ისინი მათ ათავსებენ გარსში, რომელიც არ მისცემს საშუალებას გაიგონ, თუ რა ხდება.

საერთაშორისო საზოგადოება [რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ] პუტინის აზრსმოკლებული ომის საპასუხოდ კოორდინირებულად და მტკიცედ გაერთიანდა. და ვამაყობ იმით, რომ ევროკავშირმა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ამ მიმართულებითაც შეძლო.

ჩვენ ეს შევძელით, ვინაიდან საქმე ნულიდან არ დაგვიწყია. 2015 წლიდან, შვიდი წლის წინ დავიწყეთ, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა უცხოური ინფორმაციისა და რუსეთიდან შემომავალი დეზინფორმაციის საფრთხე აღიარეს. მათ უმაღლეს წარმომადგენელს ამ საკითხის მოგვარება დაავალეს. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში შევქმენით ჯგუფები იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც გასული შვიდი წლის განმავლობაში ამ საკითხის გადაჭრის მიმართულებით გადამწვეტი ნაბიჯების გასაკეთებლად საჭირო ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს.

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგიული კომუნიკაციის ძლიერი გუნდი, რომელიც, ჩემი აზრით, დიდ საქმეს აკეთებს. თავად განსაჯეთ. თქვენს მოხსენებებში ის დადებითად არის შეფასებული. მადლობა ამისთვის. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მაგალითად, ჩვენი ვებგვერდის  EuvsDisinfo საშუალებით, რომელიც კრემლის ნარატივებს ამხელს. ეწვიეთ EuvsDisinfo ვებგვერდს, სადაც ნახავთ გამოვლენილი დეზინფორმაციის უამრავ ფაქტს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში. დეზინფორმაცია ვრცელდება ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა არჩევნები, ვაქცინები, ბრექსიტი (Brexit), ან სეპარატისტული მოძრაობები ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში.

გავაძლიერეთ თანამშრომლობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა NATO და დიდი შვიდეულის ქვეყნბი (G7) იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ ახდენს კრემლი დესტაბილიზაციას და ინფორმაციით მანიპულირებას, რითიც ასუსტებს უკრაინას და ჩვენს ძალას. გვაქვს სწრაფი შეტყობინების სისტემა (მან საკუთარი მნიშვნელობა უკვე დაამტკიცა), რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ევროკავშირის ინსტიტუტებს - ჩემს კოლეგებს ევროკომისიიდან, ვისთანაც მჭიდროდ და წარმატებით ვთანამშრომლობთ, აგრეთვე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორებს ინფორმაცია სწრაფად გავუზიაროთ.  ერთმანეთს ვუზიარებთ ანალიტიკურ და სხვა მასალებს. გთხოვთ, მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია ამ ვებგვერდის შესახებ, სადაც მოიპოვება ინფორმაცია დიდი რაოდენობით გამოვლენილი დეზინფორმაციის  შესახებ.

გავააქტიურეთ მუშაობა ჩარევისა და ინფორმაციით მანიპულაციასთან ბრძოლაში რეგიონში ჩვენი პარტნიორების დასახმარებლად - განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთში, რომელიც სისტემატურად ხდება ამ კამპანიების სამიზნე.

და რაც მთავარია, ჩვენ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს პასუხისმგებლობა დავაკისრეთ, მათ შორის, Russia Today-სა და და Sputnik-ის ევროკავშირში მაუწყებლობის აკრძალვის გზით. იმიტომ, რომ ისინი დამოუკიდებელი მედია საშუალებები არ არიან; ისინი წარმოადგენენ აქტივებს, იარაღს კრემლის  მანიპულირების ეკოსისტემაში.

აქ მინდა შევჩერდე, რადგან გაისმა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ინფორმაციის თავისუფლებას ვეხებით. მოდით განვიხილოთ რა არის ინფორმაცია და რას წარმოადგენენ ეს მედია საშუალებები. ნება მომეცით, მოკლედ ავხსნა ამ საკითხის არსი. ჩვენ არ ვწყვეტთ, რა არის მართალი და რა არა, მე არ ვარ ჭეშმარიტების მინისტრი და ჩვენ ჭეშმარიტების მინისტრების არ გვყავს. ჩვენს სამიზნეს წარმოადგენს ის უცხოელი სუბიექტები, რომლებიც განზრახ და კოორდინირებულად ცდილობენ ჩვენი საინფორმაციო გარემოთი მანიპულირებას საკუთარი მიზნების მისაღწევად და ჩვენთვის ზიანის მისაყენებლად.

ნება მომეცით გავიმეორო ეს ესპანურ ენაზე.

დემოკრატია არის სისტემა, რომელიც ინფორმაციის საფუძველზე მუშაობს. ინფორმაცია დემოკრატიის საწვავია. მოქალაქეები მათ მიერ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქმედებენ,  როგორც მოქალაქეები. დემოკრატია ემყარება ადამიანების ცოდნას, მათ მიერ არსებული ვითარებისა და მმართველების შეფასებას და ხმის მიცემის დროს მიღებულ გადაწყვეტილებას. დემოკრატია არის სისტემა, რომლიც საწვავად ინფორმაციას იყენებს. თუ ინფორმაცია ცუდია, დემოკრატიაც ცუდი იქნება. თუ ინფორმაცია მუდმივად მიკერძოებული და ტყუილით დაბინძურებულია, მოქალაქეებს არ ექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ და პოლიტიკურად მიკერძოებულ შეფასებებს გააკეთებენ.

სწორედ ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ინფორმაციას, როგორც დასაცავ აქტივს. როდესაც სუპერმარკეტში ხორცის საყიდლად მიდიხართ, გაქვთ გარანტია, რომ პროდუქტი ხარისხიანია და მისი მოხმარება დაავადებას არ გამოიწვევს. ასევე უნდა არსებობდეს გარანტია იმისა, რომ ინფორმაცია გონებას არ დააბინძურებს.

დემოკრატია ინფორმაციის საფუძველზე მუშაობს და სწორედ ამიტომ შექმნა რუსეთმა Sputnik. Sputnik არ არის უმანკო მედია, რომელსაც რეალობის საკუთარი აღქმა აქვს.

Sputnik არ არის მედია საშუალება, რომელსაც საკუთარი ხედვა აქვს. Sputnik, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით,  საზღვარგარეთ რუსეთის  სახელმწიფო პოლიტიკის გასაშუქებლად შეიქმნა.  Russia Today-ს მთავარი რედაქტორის განცხადების თანახმად, Russia Today-ს შეუძლია აწარმოოს საინფორმაციო ომი მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ. ორივე არხი [Sputnik და Russia Today] ხელს უწყობენ და მონაწილეობენ კიბერსივრცეში საინფორმაციო გავლენის ოპერაციებში, მათ შორის იმ ოპერაციებში, რომლებსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვა, ცნობილი GRU აწარმოებს.

იმისათვის, რომ მომავალში გვქონდეს სწრაფი და დამაჯერებელი საპასუხო ზომების მიღების შესაძლებლობა, გთავაზობთ ახალ მექანიზმს, რომელიც ამ მავნე დეზინფორმატორებისათვის სანქციების დაწესების საშუალებას მოგვცემს. ეს იქნება ჩვენი სამოქმედო შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ მიმართული იმ უფრო ფართო ღონისძიებების პაკეტის ნაწილი, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ. ღონისძიებების პაკეტის სტრუქტურა ოთხ ჯვარედინ მიმართულებას მოიცავს, რომლებიც ვითარების შესახებ ჩვენს ინფორმირებულობას გააძლიერებენ. პირველ რიგში, ავამაღლებთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მდგრადობას მესამე ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და ჩვენი წარმომადგენლობების სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერებით. ვინაიდან ეს არის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი, ყოველთვის მესამე ქვეყნებზე ვსაუბრობ, რადგან ევროკავშირის ფარგლებში ამ საკითხებზე მუშაობენ ჩემი კოლეგები ევროკომისიიდან. თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად ბევრია გასაკეთებელი.

მეორე, ამ მავნე საქმიანობის აღსაკვეთად და მასზე სათანადო მარეგულირებელი პასუხის გასაცემად მიმართულია პროფესიული ეთიკის კოდექსი და კანონი ციფრული მომსახურების შესახებ, რომლებზეც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი [ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა] ჟუროვა მეტს ისაუბრებს,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მე არ ვაპირებ ჩავუღრმავდე პროფესიული ეთიკის კოდექსსა და ციფრული მომსახურების კანონს, ვინაიდან ამ სფეროში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს [ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა] ჟუროვას მეტი ცოდნა აქვს.

და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უწყვეტი დიპლომატიური პასუხი და ინსტრუმენტები საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ინფორმაციული ბრძოლის კონცეფცია. პანდემიის დაწყებისთანავე მოვიფიქრე ფრაზა „ნარატივების ბრძოლა“. ნარატივების ბრძოლა დღითიდღე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ხედავთ, რა ხდება აფრიკაში, როგორ ფიქრობთ? ადამიანებზე გავლენას ახდენს ის, რასაც მათ ეუბნებიან. საბოლოოდ ის გადადის პოლიტიკურ მასშტაბებში და საერთაშორისო ინსტიტუტებში საარჩევნო ხმებად გარდაიქმნება.

ვუბრუნდები ევროკავშირის დემოკრატიულ პროცესებში საგარეო ჩარევის, მათ შორის დეზინფორმაციის საწინააღმდეგო სპეციალური კომიტეტის (INGE) ანგარიშს, რომელსაც ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ. ამ ანგარიშში აღიარებულია ის სამუშაო, რომელიც ჩემმა სამსახურმა 2015 წლიდან, [ევროპული] საბჭოსგან მანდატის მიღების შემდეგ გასწია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყურადღებით გავითვალისწინებთ თქვენს რეკომენდაციებს, მათ შორის წინადადებას ახალი სტრუქტურების შესახებ იმისათვის, რომ  ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი და მდგრადი გავხადოთ.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენ ძალიან დაეხმარეთ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდებს, რომლებიც მუშაობდნენ ბალკანეთის, აღმოსავლეთის საზღვრის საკითხებზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყნებს ახალ ამბებში ძალიან ხშირად მოიხსენიებენ.

მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ეს არის გადამწვეტი ბრძოლა დემოკრატიისათვის. ნება მომეცით გავიმეორო, რომ დემოკრატია არის სისტემა, რომელიც მუშაობს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოქალაქეს აქვს. სწორედ ამიტომ უნდა დავიცვათ ინფორმაციის თავისუფლება და ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

l.ec.europa.eu/en/video/I-219157 

Peter Stano
Lead Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)460 75 45 53