This isn't an official website of the European Union

ევროკავშირს უნდა, რომ იხილოს საქართველოს წარმატება ევროპისკენ მიმავალ გზაზე

11.09.2023

ჯოზეფ ბორელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი 

გასულ კვირას პირველად ვესტუმრე საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის  რანგში, რომ მეთქვა საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის - საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. თუმცა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველოს სჭირდება მნიშვნელოვანი წინსვლა პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, მართლმსაჯულების რეფორმის, საარჩევნო რეფორმისა და მედიის პლურალიზმის საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოში შევხვდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ასევე პარლამენტარებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

სამი ძირითადი გზავნილი

მინდოდა საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის სამი ძირითადი გზავნილი გამეზიარებინა. პირველი: ევროკავშირისთვის ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში სტუმრობისას იგრძნობთ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ სწრაფვას. თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ევროპული დროშა მინახავს, ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი მაჩვენებელია და ჩვენ სრულად ვაფასებთ ამ ერთგულებას. ჩემი იქ ყოფნის დროს ყველა თანამოსაუბრის თხოვნა იყო, საქართველომ მალე მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს მოწოდება ბოლო თვეების განმავლობაში გამუდმებით გვესმის ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან.

ეს არის მოწოდება, რომელიც არ გვინდა დავტოვოთ გაუგონარი. ამ გზაზე საქართველოს მიმართ არის მკაფიო მოთხოვნები, რომლებიც წარმოდგენილია ევროკომისიის მიერ დასახულ 12 პრიორიტეტში. საქართველოსთვის ევროპულ გზაზე შემდეგი ნაბიჯები ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გასული ივნისის მდგომარეობით, საქართველომ სამი მათგანი შეასრულა, მაგრამ დანარჩენ ცხრაზე ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი. ეს ძირითადად ეხება პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პლურალიზმს და ადამიანის უფლებებს.

საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსტრუქციულად უნდა ითანამშრომლოს. როგორც საქართველოს პარლამენტარებთან საუბრისას აღვნიშნე, უმრავლესობა ინკლუზიური, ხოლო უმცირესობა თანამშრომლობისთვის მზად უნდა იყოს. ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის პრო­ცე­სი არის ეროვ­ნუ­ლი მის­წრა­ფე­ბა, რო­მე­ლიც პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა უნდა დად­გეს. მთავრობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ უნდა იმუშაონ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც ასეთ თანამშრომლობას შესაძლებელს გახდის. პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისათვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად გასვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ითანამშრომლოს. საქართველოს ლიდერებმა  ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვან.

ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს

ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს. არც საქართველოსთვის და არც სხვისთვის. გაფართოების პროცესი ყოველთვის მკაფიო კრიტერიუმებს მიჰყვება. ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს გულმოდგინე შრომას, პოლიტიკურ ნებას და მკაფიო ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი. მაგრამ, როგორც ჩემს ქართველ კოლეგებს ვუთხარი, საკუთარი ესპანური გამოცდილებიდან ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი ტრანსფორმაციული ძალა აქვს და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ეს გულმოდგინე შრომა ამად ღირს, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრად გახდომისთვის, არამედ, რაც მთავარია, მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. საქართველოს ძლიერი ადმინისტრაცია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს. ამ ისტორიული ამოცანის მისაღწევად მას სრული პოტენციალი გააჩნია.

ჩემი მეორე გზავნილი ეხებოდა რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს საჭირო იქნება. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მკაფიო პოზიციას საერთაშორისო ფორუმებზე ამ კუთხით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციას ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის. ამიტომ, მივესალმები საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების გვერდის ავლის პრევენციის საკითხში. ამ მხრივ საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და მე გამოვხატე ჩვენი მკაფიო აღიარება ამ ძალისხმევისთვის.

თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ვწუხვართ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რა­მაც თბი­ლი­სი რუ­სეთის მოქალაქეების ევ­რო­პა­ში შე­მოყ­ვა­ნის ჰა­ბად აქ­ცია. ასე­ვე სა­ჭი­როა მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა რუ­სე­თის ჰიბ­რი­დულ ქმედებებთან და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად, როგორიცაა რუ­სე­თის პრო­პა­გან­დი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ომი. ევ­რო­კავ­ში­რი გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას, რათა ხელი შე­უ­წყოს ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბი­ს მიმართ მედეგო­ბის გაზ­რდას. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია და ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­მარ­თლი­ა­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ფუძ­ვე­ლია.

ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა არის ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ველით ყველა ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის. ეს თანხვედრა ასევე არის ვალდებულება, რომელიც თავად საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში უკვე 2014 წელს აიღო. თუმ­ცა, ამ კუ­თხით, ახლა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბისთვის საკ­მა­ოდ დიდ სივ­რცეს ვხე­დავ.

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა

ჩემი მე­სა­მე გზავ­ნი­ლი ეხე­ბო­და ჩვენს ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ. 2008 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო პუ­ტი­ნის ნე­ო­იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის მსხვერ­პლია. ჩვე­ნი დიდი ხნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ვი­ყოთ სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დში, დღეს, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის ფონ­ზე, უფრო ძლი­ე­რია, ვიდრე ოდესმე.

ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვადასტურებთ კონკრეტული ქმედებებით: გვყავს აქტიური ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი და ჩვენი სპეციალური სამოქალაქო მისია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), რომელიც ქვეყანაში ბოლო 15 წლის განმავლობაში მუშაობს. მისია ატარებს პატრულირებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ თვითგამოცხადებულ რეგიონებთან - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ის ყოველდღიურად თამაშობს მნიშვნელოვან როლს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ადგილზე სიტუაციაზე დაკვირვებით, ინციდენტების შესახებ ანგარიშების წარდგენით და ზოგადად, შესაბამის ადგილებში მუშაობით.

ევროკავშირის მისიასთან ერთად სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე ტერიტორია მოვინახულე. მე, რა თქმა უნდა, უკვე განვიხილე საქართველოს ხელისუფლებასთან კონფლიქტის ირგვლივ არსებული ვითარება, მაგრამ ასევე მქონდა შესაძლებლობა მენახა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა. მათ მიამბეს ყოველდღიური გაჭირვებისა და პრობლემების შესახებ, დაწყებული [მავთულხლართებით] დაყოფილი ეზოებიდან, რომლებზეც წვდომა აღარ აქვთ, პენსიების მიღებით დასრულებული. ეს კონფლიქტი მათთვის ძალიან მძიმეა.

ძლიერი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში

საქართველოსთან ასევე დავამყარეთ მზარდი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში; მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს სამხედრო მისიებში მთელს მსოფლიოში. ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) მეშვეობით ეხმარება. დღეისათვის ჩვენ გამოვყავით 62 მილიონი ევრო არალეტალური სამხედრო აღჭურვილობისთვის, რომელიც კრიზისების დროს სწრაფი რეაგირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა და დამატებითი დახმარება გზაშია.

და­სას­რულს, ვფიქ­რობ, რომ ჩემი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მკა­ფი­ოა: სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის იმე­დი ჰქონ­დეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. გვინ­და, ვიხილოთ საქართველოს წარმატება ევროპისკენ მიმავალ გზაზე  და ვი­მე­დოვ­ნებთ - საქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ იმის­თვის, რომ  ეს ისტორიული შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვან.

ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.