2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის შემდეგ, ევროპულმა საბჭომ მიიღო სანქციების რვა[1] პაკეტი რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ. სანქციები მიმართულია რუსეთის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობის შესუსტებაზე და კონკრეტულ სამიზნეს შეჭრაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ელიტა წარმოადგენს.
შემაკავებელი ზომები არ ეხება რუსეთის საზოგადოებას. სწორედ ამიტომ დაწესებული შემაკავებელი ზომები არ ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა საკვები, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და ფარმაცევტული საწარმოები.
სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული შეფასებები აჩვენებს, რომ ევროპისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული შემაკავებელი ზომები მუშაობს ისე, როგორც მოსალოდნელი იყო და შედეგები შესამჩნევია ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით.
რუსეთის ეკონომიკა მცირდება
მსოფლიო ბანკის (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დამოუკიდებელი ანალიზის მიხედვით, 2022 წელი რუსეთის ეკონომიკისთვის სავალალო წელია. 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემცირება საუკეთესო შემთხვევაში მინიმუმ 3.4%-ით და უარეს შემთხვევაში 4.5%-მდე იქნება მოსალოდნელი.
რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს შემცირებას გააგრძელებს. პროგნოზის მიხედვით მისი მშპ ყოველწლიურად საუკეთესო შემთხვევაში 2,3%-ით, ხოლო უარეს შემთხვევაში 5,6%-ით შემცირდება.
რუსეთის მშპ - განვითარება 2018 წლიდან 2023 წლამდე
საწყისი 100 - 2018 წ.
დიაგრამა, რომელიც აჩვენებს რუსეთის მშპ-ის ყოველწლიურ ზრდას 2018-2022 წლებში (2022 და 2023 პროგნოზია) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) შეფასებით.
დიაგრამა გვიჩვენებს, რომ 2022 წელს რუსეთის მშპ მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით 4,5%-ით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით 3,9%-ით და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით 3,4%-ით შემცირდება.
2023 წელს რუსეთის მშპ-ის მოსალოდნელი კლება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით 5,6%, მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით 3,6% და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით 2,3% წარმოადგენს.
ვაჭრობის შემცირება, სწრაფად მზარდი ინფლაცია
შემაკავებელი ზომები გარკვეული საქონლის იმპორტსა და ექსპორტზეა მიმართული. აკრძალული პროდუქტების სია შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს სანქციების უარყოფითი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და ამავდროულად ეს ზეგავლენა ევროკავშირის ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის შემცირდეს.
მონაცემები ადასტურებს, რომ ამ შემზღუდავ ზომებს აქვს შედეგი. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2022 წელს რუსეთის საქონლითა და სერვისებით ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდება. 2023 წელს ექსპორტი გააგრძელებს კლებას და 2022 წელთან შედარებით მოსალოდნელია იმპორტის ზრდა.
რუსეთის იმპორტი და ექსპორტი 2018 წლიდან 2023 წლამდე
საწყისი 100 - 2018 წ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2022 წელს რუსეთის იმპორტი 19,2%-ით შემცირდება (2021 წელთან შედარებით), ხოლო ექსპორტი 15,98%-ით. 2023 წელს იმპორტი 5,6%-ით გაიზრდება (2022 წელთან შედარებით), ექსპორტი კი 3%-ზე მეტით შემცირდება.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთის იმპორტი 20,8%-ით შემცირდება (2021 წელთან შედარებით), ექსპორტი კი 12,3%-ით. 2023 წელს იმპორტი 3,3%-ით გაიზრდება (2022 წელთან შედარებით), ექსპორტი კი 9,1%-ით შემცირდება.
შეფასებები აჩვენებს, რომ რუსეთში ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის ბოლოს მკვეთრად გაიზრდება და თითქმის 14%-ს მიაღწევს. 2023 წლის პროგნოზები მერყეობს 5%-დან (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) 6,8%-მდე (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია).
რუსეთში ინფლაციის განვითარება 2019 წლიდან 2023 წლამდე
(წლიური ცვლილება)
დიაგრამა, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ინფლაციის მაჩვენებელს 2019-2022 წლებში, მსოფლიო ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებულ სამ შეფასებას ეყრდნობა. 2022 წელს ინფლაციის მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება და სამივე ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით თითქმის 14%-ს აღწევს. 2023 წელს ინფლაციის მაჩვენებელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით - 6,8%, მსოფლიო ბანკის პროგნოზით - 5,9%, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით - 5% იქნება.
შედეგები რუსეთის კაპიტალის ბაზრისთვის
ომმა და სანქციებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსეთის კომპანიებზეც. თებერვლიდან მოსკოვის ბირჟის ძირითადი ინდექსი ერთ მესამედზე მეტით დაეცა.
მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX) ინდექსი
დიაგრამა გვიჩვენებს მოსკოვის საფონდო ბირჟის მთავარ ინდექსს (MOEX) - 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის ოქტომბრამდე. ვხედავთ ინდექსის მკვეთრ ვარდნას თებერვლის შუა რიცხვებში (3 600 პუნქტიდან 2 200 პუნქტზე ქვემოთ). 25 თებერვალს და 24 მარტს შორის პერიოდში საფონდო ბირჟა დაიხურა (2 470 პუნქტით).
ხელახალი გახსნის შემდეგ ინდექსი 2 800 პუნქტამდე გაიზარდა, შემდეგ კი ისევ დაეცა. 2022 წლის ივლისსა და აგვისტოში ის 2 000-დან 2 200 პუნქტამდე მერყეობდა. სექტემბრის პირველ ნახევარში 2400 პუნქტს მიაღწია, 19 სექტემბრის შემდეგ კი დაახლოებით 2000 პუნქტამდე დაეცა. ოქტომბერსა და ნოემბერში ინდექსი ნელ-ნელა იზრდება და 15 ნოემბერს 2223 პუნქტს აღწევს.
მონაცემთა წყაროა მოსკოვის ბირჟა.
დამატებითი ინფორმაცია:
ინგლისურნოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
[1] მოცემული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი იყო მიღებული.