This isn't an official website of the European Union

ევროკავშირს და საქართველოს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც უფრო მჭიდრო პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად, 2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში სრულად 2016 წლის ივლისში შევიდა. გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) ხსნის ევროკავშირის ბაზარს ქართული ბიზნესებისა და პროდუქტებისთვის. ადამიანთა შორის უფრო მჭიდრო კონტაქტებისა და მობილობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან მოქმედებს.

2022 წლის მარტში საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, იმავე წლის ივნისში აღიარებულ იქნა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა  და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიენიჭა. ნახევარი წლის შემდეგ, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „დე ფაქტო შეჩერდა“ კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში მოცემულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლის გამო. 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა და მოუწოდა საქართველოს გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი დონორია და ყოველწლიურად საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად გრანტების  სახით დაახლოებით 85 მილიონი ევროს ოდენობის თანხას გამოყოფს.

თუმცა, დემოკრატიული უკუსვლის შედეგად, საქართველო 2022, 2023 და 2024 წლებისთვის ევროკავშირის დახმარების სახით გამოყოფილი თანხებიდან 121 მილიონ ევროს დაკარგავს.

პოლიტიკური ურთიერთობები

ხელმძღვანელობს რა საერთო ღირებულებებით, ევროკავშირი მხარს უჭერს მშვიდობას და სტაბილურობას საქართველოში, ისევე როგორც სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე მიმართულ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების პროგრამებს

2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას (AA), რომელიც ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა. ეს შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) ერთად, საფუძველს უყრის საქართველოს ევროკავშირთან შორსმიმავალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ერთობლივ მიზნებ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობის და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ასოცირების შესახებ შეთანხმების (AA) ინსტიტუციონალური ჩარჩო აყალიბებს ორგანოებს, როგორიცაა ასოცირების საბჭო მისი დანერგვის საზედამხედველოდ, ასოციაციის დღის წესრიგი კი მისი განხორციელებისთვის საჭირო პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

თავად ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) შედეგს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც გაფართოებული  ევროკავშირისა და მისი მეზობლების კეთილდღეობ, სტაბილურობ და უსაფრთხოებ აძლიერებ ისახავს მიზნად. 2009 წელს დაიწყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა (EaP), რომელ საქართველო მოიცს, აფართოებს თანამშრომლობას და ასევე რეგიონის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. ისევე როგორც მხარდამჭერი რეფორმები, EaP მუშაობს მოქალაქეთა უფრო მეტი მობილურობისა და ძლიერი ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით რიგ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგოსექტორი და გარემოს დაცვა.

2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც შესრულდება ევროკომისიის დასკვნაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით.

2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასწია ევროსაბჭოსთან, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ, რომელიც მოიცავდა ძირითად დასკვნებს საქართველოთან მიმართებაში, 2023 წლის კომუნიკაციას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ, სადაც ასახულია საქართველოს მიერ შესასრულებელი 9 ნაბიჯი.

2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

საქართველოს მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან ნახევარი წლის შემდეგ, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში მოცემულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლის გამო, კერძოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონის მიღებასთან დაკავშირებით. 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა და მოუწოდა საქართველოს გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

2024 წლის 30 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა მეორე გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ (ამონარიდი საქართველოს შესახებ) და გამოაქვეყნა 2024 წლის კომუნიკაცია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით (ამონარიდი საქართველოს შესახებ). ამასთან დაკავშირებით, კომისიამ აღნიშნა, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების საკმარისი პოლიტიკური ნება არ მოჰყოლია. კერძოდ, ანგარიშმა აჩვენა, რომ საქართველოს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდა ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით. თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების არსებულ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემური საკითხების გადაჭრასა და ძირითადი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის  განხილვას ვერ შეძლებს.

ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება თავისი პოლიტიკისა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერად, ისევე როგორც კვლავ ჩართულია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ოკუპირებული რეგიონების საკითხებში, გრძელვადიანი კონფლიქტის მოგვარების პროცესის მხარდასაჭერად. 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მახლობლად მუშაობს. 2023 წლის 1 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში მუშაობის 15 წლისთავ აღნიშნა.

სასარგებლო ბმულები ევროკავშირის გაფართოების თემაზე:  https://shorturl.at/duBJL; https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiris-gafartoeba/

ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ მყარი ეკონომიკური ზრდა განიცადა, რომელიც ნაწილობრივ შესაძლო გახდა მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების საშუალებით, რაც მოიცავდა საგადასახადო მოსაკრებლების პროცედურების განახლებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ქვეყნის გახსნას უცხოური ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ბიზნეს გარემოს გამარტივებას

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მისი ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით. ეს მოიცავს ევროკავშირის საკანონმდელო სტანდარტებთან თანხვედრაში დახმარებას.

2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ასოცირების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით.   თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ეს შეთანხმება განსაკუთრებული ტიპის შეთანხმებად არის მიჩნეული, რადგან მას აქვს ევროკავშირის შიდა ბაზარში ინტეგრირების ამბიციური ამოცანა. ეს რეჟიმი ზრდის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბაზარზე წვდომას უკეთესად მორგებული რეგულაციების საფუძველზე. DCFTA ასოცირების შეთანხმების მთავარი ღერძია და საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზებასა და დივერსიფიცირებას ეხმარება.

2014 წლის 1 სექტემბერს დაიწყო შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების, მათ შორის DCFTA-ს ამოქმედება. ამ პერიოდისთვის, საქართველო უკვე სარგებლობდა შეღავათების ზოგადი სისტემით, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან, დაასრულა ამ პროგრამით სარგებლობა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა წლების განმავლობაში ვითარდებოდა, დღეს ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. DCFTA აღრმავებს საქართველოს ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირთან და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები, საერთო საბაჟო წესები, სურსათის ტექნიკური და სანიტარული სტანდარტები, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები და კონკურენციის წესები.

ევროკავშირი ხელს უწყობს მთავრობას ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერაში ხარისხის მართვის სისტემების და ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემების ჩამოყალიბების გზით, რითაც სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კონკრეტული ინვესტიციებით, რათა  პანდემიის შემდგომ აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ხელი შეუწყოს. უახლოეს წლებში ევროკავშირი ინვესტირებას  მოახდენს შემდეგ ფლაგმანურ პროექტებში:

- სანდო ინტერნეტი შავი ზღვის ინტერნეტ - კაბელის და ელექტრო კაბელის საშუალებით

- ბორანით მიმოსვლა შავ ზღვაში

- 80000 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა

- მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი 1000 სოფლის თემებში

- სუფთა ჰაერი და ენერგოეფექტიანობა 1 მილიონი ადამიანისთვის

დღევანდელი ვაჭრობა ციფრებში

ახალი სავაჭრო პორტალი და დღევანდელი ვაჭრობა ციფრებში

2020 წლის ოქტომბრიდან ევროკომისიამ აამოქმედა ახალი Access2Markets ონლაინ პორტალი ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განსათავსებლად (მაგალითად, როგორ ხდება საქონლის ექსპორტი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე 120 – ზე მეტ ქვეყანაში, საქონლის იმპორტი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, ვაჭრობა ევროკავშირში, 70-ზე მეტ ქვეყანასთან ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებების უპირატესობა; სპეციფიური ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, როგორიცაა ტარიფები, ეროვნული გადასახადები, საქონლის წარმოშობის დადგენის წესები, საბაჟო პროცედურები, იმპორტთან დაკავშირებული ფორმალობები და მოთხოვნები პროდუქტთან დაკავშირებით, სავაჭრო ბარიერები და სავაჭრო ნაკადები).

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის მხარდაჭერის სამსახური ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრის შესაძლებლობები  გამოავლინოს. ეს პლატფორმა დაეხმარება კომპანიებს იპოვონ ახალი შესაძლებლობები, პოტენციური პარტნიორები და შეამოწმონ, თუ რა მოთხოვნები და პროცედურები არსებობს.

ის ავსებს ბაზრებზე წვდომის მონაცემთა ბაზას, რომელიც ევროპულ კომპანიებს საშუალებას აძლევს სავაჭრო შეთანხმებებიდან სარგებელი სრულად მიიღონ რთული სავაჭრო წესების პრაქტიკულ, ადაპტირებულ ინფორმაციამდე დაყვანის გზით.

დღევანდელი ვაჭრობა ციფრებში

ევროკავშირის ქვეყნები კვლავ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორებია: მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 20.5%-იანი წილი უკავია. 2022 წლისთვის საქართველოს მთლიან ექსპორტში წამყვანი წილი ევროკავშირის ქვეყნებს უკავია (15,4%), შემდეგ არიან ჩინეთი (13,2%), აზერბაიჯანი (12%), რუსეთი (11 , 5%) და თურქეთი (7,8%) (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქსტატი).

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ვაჭრობა საქართველოსთან (რომელიც 75 – ე ადგილზეა) 2022 წლისთვის 0,1% –ს შეადგენს, 4,256 მილიარდი ევროს ღირებულებით (EUROSTAT).

2022 წელს ევროკავშირის ექსპორტმა საქართველოში 3.23 მილიარდი ევრო შეადგინა. ძირითადი საექსპორტო საქონელი უმთავრესად არასასოფლო-სამეურნეო პროდუქციაა, როგორიცაა მინერალური პროდუქცია, მექანიზმები,  ხელსაწყოები და სატრანსპორტო აღჭურვილობა.

ევროკავშირის ძირითადი იმპორტი საქართველოდან მოიცავს ძირითადად სამრეწველო პროდუქციას, როგორიცაა მინერალური პროდუქცია. გარდა ამისა, ქიმიური ან მომიჯნავე მრეწველობის პროდუქცია, ტექსტილის ნაწარმი და ბოსტნეული.

2022 წელს ევროკავშირმა საქართველოდან 1,026 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი შემოიტანა (EUROSTAT).

მდგრადი განვითარება და მწვანე ეკონომიკა

კლიმატის ცვლილება და გარემოს მდგომარეობის გაუარესება არის სერიოზული საფრთხე ევროპისა და მსოფლიოსთვის. ევროკავშირი ხელს უწყობს „ევროპული მწვანე გარიგების“ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს სამართლიან გადასვლას მდგრადი, რესურსების მხრივ ეფექტიანი და კლიმატის მხრივ ნეიტრალური ეკონომიკებისა და ენერგეტიკული სისტემებისკენ

ევროკავშირი არის ლიდერი კლიმატის სფეროში და მისი მიზანია 2050 წლისთვის კლიმატის ნეიტრალიტეტს მიაღწიოს. საქართველოში ევროკავშირი მხარს უჭერს კლიმატის ცვლილების მოგვარების და ადაპტირების მცდელობებს, მათ შორის EU4Climate პროექტის საშუალებით და მრავალი ინფრასტრუქტურული ინვესტიციის დაფინანსებით, რაც ხელს უწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირებას.

ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს და აჩქარებს ენერგოსექტორის გლობალურ გარდაქმნას. ამ მიზნით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის დანერგვის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, მაგალითად, ასობით საჯარო შენობის ენერგოეფექტურობის რეაბილიტაციაში ინვესტიციის განხორციელებით.

ბიომრავალფეროვნება აუცილებელია სიცოცხლისთვის, რადგანაც იგი უზრუნველსაყოფს ჩვენს კვებას, ჯანმრთელობას, მედიკამენტებს, მასალებს, დასვენებასა და კეთილდღეობას. ამ სფეროში ევროკავშირი ეხმარება საქართველოს, მაგალითად, დაცული ტერიტორიების განვითარებაში და წყლის რესურსების დაცვაში წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის სრულყოფის და წყლის ხარისხისა და ნაკადების მონიტორინგისთვის აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით.

მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირი მუშაობდა ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესებისა და კლიმატ ნეიტრალური, რესურსების მხრივ ეფექტიანი და ცირკულარული ეკონომიკის მისაღწევად. საქართველოში ევროკავშირი მაგალითად, მხარს უჭერს ნარჩენების გაუმჯობესებულ მართვას, პოლიტიკის შემუშავებას, როგორიცაა მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა, მდგრადი შეფუთვის ინდუსტრია კლასტერული განვითარების გზით და ა.შ.

კვების მდგრად სისტემებზე გადასვლა არის მწვანე გარდაქმნის ძირითადი კომპონენტი, რომელიც სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგრადობას უზრუნველყოფს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მუშაობას ამ სფეროში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის (პროგრამების) ფარგლებში.

ენერგოსექტორი, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება

ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ექსპერტული ცოდნით, რათა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდეს და ასევე პირდაპირ ეხმარება ბუნებრივი პარკების განვითარებაში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში, უფრო ეკოლოგიური ზრდის შესაძლებლობების განვითარებაში, ნარჩენების მართვის და წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში და ეკოლოგიური რისკებისა და ზემოქმედების უკეთესი მართვის მექანიზმების შექმნაში. ევროკავშირი აფინანსებს უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, ნარჩენების მართვისა და ეკოლოგიური ტრანსპორტის სექტორებში. ეს ერთობლივი მუშაობა ასევე უშუალოდ ხელს უწყობს სათბურის გაზების ემისიის შემცირებას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.

ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირი მუშაობს ევროკავშირის ძირითად ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და კავშირების განვითარებაზე და ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების წინ წამოწევაზე. ეს ხელს უწყობს ელექტროენერგიის გადასახადების შემცირებას, ასევე ხელს უწყობს გარემოს დაცვას და  შენობის მომხმარებლებისთვის უკეთეს პირობებს ქმნის.

ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა

ადამიანის უფლებები ევროკავშირის ღირებულებების, ისევე როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების საფუძველია. საქართველოში ევროკავშირი მხარს უჭერს ადამიანის უფლებების პრაქტიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პოზიტიურ განვითარებას

ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც 2016 წელს შევიდა ძალაში და ასოცირების დღის წესრიგი 2021-2027 წლებისთვის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას განსაზღვრავს.

თუმცა ადამიანის უფლებების კულტურამ ჯერ კიდევ მყარად უნდა გაიდგას ფესვები მთელ ქვეყანაში, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში არსებითი წინსვლა იყო მიაღწეული. განხორციელდა მნიშვნელოვანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, რამაც შექმნა უფრო მყარი სამართლებრივი საფუძველი ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, თუმცა მნიშვნელოვანი გამოწვევები ორივე სფეროში რჩება.

ევროკავშირის მხრიდან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა განსაკუთრებით არის მიმართული საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობისკენ, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისკენ, გენდერული თანასწორობისა და ლგბტი ადამიანების უფლებების, უმცირესობათა წარმომადგენელთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და შრომის უფლებების დაცვისკენ.

„გლობალური კარიბჭე“ (Global Gateway) საქართველოში

„გლობალური კარიბჭე“ არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს გონივრული, სუფთა და უსაფრთხო კავშირების განვითარებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში და ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში.

„გლობალური კარიბჭე“ სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგსა და მის მიზნებს მდგრადი განვითარებისთვის, ასევე კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას .

„გლობალური კარიბჭე“ მიზნად ისახავს 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზებას მსოფლიოს მასშტაბით. 2024 წლის სექტემბრისთვის ევროკავშირმა ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით (EIP) გათვალისწინებული „გლობალური კარიბჭის“ ფარგლებში საქართველოსთვის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით 2,1 მილიარდი ევრო მოიზიდა.

„ევროპის გუნდის“ მიდგომის საშუალებით „გლობალური კარიბჭე“ ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს და მათ ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს აერთიანებს იმისთვის, რომ მოახდინოს კერძო სექტორის მობილიზება ინვესტიციების მოსაზიდად ტრანსფორმაციული ზემოქმედების მიზნით.

„გლობალური კარიბჭე“ მოიცავს ხუთ მთავარ თემას (ციფრული ტექნოლოგიები, კლიმატი და ენერგია, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება და კვლევა).

საქართველოში „გლობალური კარიბჭე“ ძირითადად ხორციელდება შემდეგი ექვსი საფლაგმანო ინიციატივის მეშვეობით, რომელიც ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში არის შეტანილი:

საფლაგმანინიციატივა  1: კავშირები შავი ზღვით

კავშირები შავი ზღვით საქართველოსთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ საფლაგმანო ინიციატივის ფარგლებში არსებული ორი პროექტი ასევე „გლობალური კარიბჭის“ პრიორიტეტული პროექტებია.

ა) წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსება

წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსება - ევროკავშირთან საქართველოს ბაზრის უფრო მეტად ინტეგრირებას მოახდენს; ხალხი და ბიზნესი საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო სწრაფი და სტაბილური პირდაპირი ინტერნეტ კავშირის წყალობით სარგებელს მიიღებენ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შექმნის პირდაპირ კავშირს სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის და გაამრავალფეროვნებს ევროპასა და აზიას შორის კავშირის დივერსიფიცირებას მოახდენს.

ბ) წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განთავსება

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს, პრიორიტეტულია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის. მიმდინარეობს კვლევები ინვესტიციის ზუსტ ღირებულებისა და მის ეკონომიკურ და ტექნიკურ სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით.

საფლაგმანო ინიციატივა  2 - ტრანსპორტი შავი ზღვის გავლით - ფიზიკური კავშირების გაუმჯობესება საქართველოსა და ევროკავშირს შორის

როგორც საქართველომ, ასევე ევროკავშირმა სატრანსპორტო კავშირი შავი ზღვის გავლით პრიორიტეტად გამოაცხადა. ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირებისკენ შავი ზღვის გავლით პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გაზრდა და გაძლიერებაა. სხვა საკითხებთან ერთად, ეს საფლაგმანო ინიციატივა მოიცავს ახალი საბორნე/საფიდერო სერვისების განვითარებას და პორტების რეკონსტრუქციას, მათ შორის მათი ენერგოეფექტურობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს საქონლით ვაჭრობას და  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პირდაპირი კავშირის შექმნით ადამიანების გადაადგილებას გააადვილებს.

საფლაგმანო ინიციატივა 3: ეკონომიკის აღდგენა - 80,000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს მხარდაჭერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებიდან (DCFTA) სარგებლის მისაღებად

ეს ფლაგმანი მხარს უჭერს საქართველოს 80 000 ქართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს, მათ შორის სააქციო კაპიტალში ინვესტიციებს, ევროკავშირის ღირებულებათა უფრო ფართო ჯაჭვებში მათი ინტეგრაციის დასაჩქარებლად. ეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციას ხელს შეუწყობს. ევროკავშირის დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი აგროსასურსათო სექტორის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის არის განკუთვნილი. მცირე მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ლაბორატორიებში პროდუქტის ტესტირებაზე წვდომა. DCFTA-ს სრული პოტენციალის გამოსაყენებლად, კერძო სექტორს სჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაციისთვის, მაგ. სანიტარულ და ფიტოსანიტარიულ (SPS) ზომებთან მიმართებაში. განსაკუთრებული საჭიროებას წარმოადგენს მხარდაჭერა პროდუქციის ტესტირების ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი ასევე განახორციელებს ინვესტიციას თანმხლებ ზომებში SPS/საკვები პროდუქტების ტესტირების სისტემის განვითარებისთვის.

საფლაგმანო ინიციატივა 4: ციფრული კავშირი მოქალაქეებისათვის - 1000 სოფლის უზრუნველყოფა მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურით

დაახლოებით 1000 სოფლისთვის მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ პროცესის დასრულებით კავშირის გაძლიერება შეამცირებს ციფრულ უთანასწორობას, მათ შორის სოფლებსა და ქალაქებს შორის ამ სფეროში არსებული განსხვავების მიმართებაში. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და აღდგენას გლობალური ციფრული ეკონომიკის ჰაბად საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებული ამბიციების შესაბამისად.

საფლაგმანო ინიციატივა 5: ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება  - თბილისში 1 მილიონზე მეტი ადამიანისათვის უფრო სუფთა ჰაერი

ჰაერის ხარისხი საქართველოში სულ უფრო მზარდი საზრუნავია. ეს განსაკუთრებით თბილისს და დედაქალაქის გარეთ არსებულ სხვა ურბანულ ცენტრებს, განსაკუთრებით პოსტინდუსტრიულ სივრცეებს ეხება.

ევროკავშირი საქართველოსა და მის რეგიონებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებაზე მუშაობს ჰაერის მონიტორინგის აღჭურვილობის დაყენებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მეშვეობით. დაბინძურების წყაროების გამოსავლენად წარმოებული სამუშაოების გარდა, სიტუაციის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ინვესტიციები განხორციელდება.

საფლაგმანო ინიციატივა 6 - ენერგოეფექტურობა საცხოვრებელ შენობებში

ევროკავშირის ინვესტიციები რეგიონული და ორმხრივი პროექტების საშუალებით გაზრდის ენერგოეფექტურობას. ენერგეტიკული სიღარიბის შემცირების გზით მოქალაქეებს ენერგიაზე ნაკლები ხარჯები და ცხოვრების უკეთესი ხარისხი ექნებათ.

საქართველოში ენერგოეფექტურობის სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად და ენერგოეფექტურობაში ინვესტიციების გაზრდის უზრუნველსაყოფად ევროკავშირი მრავალმხრივ დახმარებას გამოყოფს. ეს ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ აღდგენას, ძირითადი ყურადღების გამახვილებით მოწყვლად სოციალურ ჯგუფებზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, გარემოზე, კლიმატის ცვლილების შერბილებაზე, და ასევე მედეგობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გაზრდის.

„გლობალური კარიბჭის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: Global Gateway - European Commission (europa.eu)