This isn't an official website of the European Union

საქართველო: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის გამოსვლა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბოლოდროინდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

14.11.2024
ბრიუსელი
EEAS Press Team

ჯოზეფ ბორელის სახელით სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მარგარიტის სხინასი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ევროპული ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საკითხებში

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

პატივცემულო პრეზიდენტო და ევროპარლამენტის წევრებო,

26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მისცა ხმა ახალი პარლამენტის ასარჩევად. სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე აღინიშნა სერიოზული დარღვევები, რომელთა შესახებ ცნობები გავრცელდა როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღესაც.

მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და, პირველ ყოვლისა, გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ევროპარლამენტისადმი და შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაციისადმი, რომელიც წარმოადგენდა ხუთ სხვადასხვა ქვეყანას და ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებიც არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდნენ. თქვენ წარმოადგინეთ კრიტიკული ინფორმაცია დაშინების და ზეწოლით აღსავსე გარემოს შესახებ, რომელიც არჩევნების პროცესში აღინიშნა.

მინდა, ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან.

მმართველმა პარტიამ უთანასწორო საასპარეზო პირობებით ისარგებლა. გამოიყენა ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსები, მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია და საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია. რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, როდესაც ამბობდა, თითქოს საქართველო წინ მიიწევდა მის ევროკავშირის გზაზე და განსხვავებული მოსაზრებები ჩაახშო. აღნიშნული ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით დანაწევრებული იყო და მსგავსი რესურსები არ გააჩნდა.

არჩევნების შემდეგ საქართველოს რამდენიმე ათასმა მოქალაქემ მშვიდობიანი დემონსტრაციები გამართა და უკმაყოფილება გამოხატა არჩევნების შედეგებთან და ჩატარებასთან დაკავშირებით. ბევრი მათგანი ევროკავშირის დროშებს აფრიალებდა. როდესაც ვხედავთ ევროპულ დროშებს პროტესტის მონაწილეთა ხელში, ვიცით, რომ ეს არამარტო მათ, არამედ ჩვენც გვეხება.

ამ გადამწყვეტი არჩევნების შემდეგ მინდა, ევროკომისიის სახელით, სამ მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი:

პირველი – ივლისიდან მოყოლებული ევროკავშირმა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას მკაფიო პასუხი გასცა. წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევაჩერეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება– 30 მილიონი ევროს ოდენობით ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევროს ოდენობით მთავრობისთვის განკუთვნილი პირდაპირი დახმარება. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც ფაქტობრივად შეჩერდა.

ეს ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ხელისუფლება მოქმედების კურსს არ შეცვლის. ამავდროულად, გავაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დამოუკიდებელი მედიისადმი, რომელიც, ისევე როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ დასაყრდენს წარმოადგენს.

მეორე – არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა მკაფიოდ გამოხატა პოზიცია საჯარო განცხადებებით, რომელშიც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რეაგირება მოეხდინა დაფიქსირებულ სერიოზულ დარღვევებზე. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა, უკვე დაამატა საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხი 18 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგს. ეს მოგვცემს საშუალებას, განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და პოტენციურ დამატებით ზომებზე შევთანხმდეთ.

დაბოლოს, მესამე – ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობის განახლება საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოხდება მკაფიო და მკაცრი პირობების საფუძველზე, რომლებიც ასევე ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშშია გაწერილი. მთავრობამ ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება რეფორმების დღის წესრიგისადმი, მათ შორის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი შეასრულოს. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ევროკავშირის საწინააღმდეგო სიძულვილის რიტორიკა. ეს კონკრეტული ზომები არ გადაიხედება – „უცხოური გავლენის კანონი“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების კანონი“ უნდა გაუქმდეს.

ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირის გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები ცნობილია და ცხადია - დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესი.

ნახეთ ვიდეო

დასკვნითი სიტყვა

მადლობას მოგახსენებთ, პატივცემულო პრეზიდენტო და პარლამენტის წევრებო,

საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში ავლენს თავის ღრმა ერთგულებას დემოკრატიის, დემოკრატიული ღირებულებებისადმი და სწრაფვას ქვეყნის ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიმართ. ეს მონდომება და მედეგობა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას იმსახურებს.

არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის კომპასი ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებები იყო. იგივე ღირებულებები, რომელთა გამოხატვაც ადრე მაიდანზე, ვარშავაში, კიშინიოვში, ბუქარესტში ვნახეთ. შესაძლოა, პუტინის მეგობრებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ ყოველი ევროპული დროშა თბილისის ქუჩებში, პროტესტის თითოეული მონაწილეს მიერ ამოღებული ხმა ასახავს ჩვენი საზოგადოების მოდელებს; ჩვენს ევროპულ დემოკრატიას; ჩვენს ევროპულ საფუძვლებს; ჩვენს ევროპულ ცხოვრების წესს; ევროპულ კანონის უზენაესობას - იმედის შუქს ჩაგვრის წინააღმდეგ.

მინდა მკაფიოდ განვაცხადო: მაშინ როდესაც ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები ეხება მთავრობის არადემოკრატიულ ქმედებებს, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისადმი გაგრძელდება.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები უდაოა. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება დემოკრატიისადმი, რაც საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით იწყება. გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც კომისიამ ახლახან მიიღო, აჩვენებს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისთვის, მაგრამ ის ცხადად საქართველოს ხელმძღვანელობისგან ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას მოითხოვს.

ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ ვალდებულებების შესრულების ერთგულების მკაფიო ნიშნებს ველოდებით, როგორც სიტყვით, ასევე ქმედებით.

მადლობას მოგახსენებთ.

ნახეთ ვიდეო

 

 

Peter Stano
Lead Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)460 75 45 53
Pedro FONSECA MONIZ
Press Officer for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)2 291 38 76
+32 (0)460 76 14 96