უფრო ძლიერი ევროკავშირი უკეთეს, უფრო გამწვანებულ და უსაფრთხო მსოფლიოში - ჩემი მანდატის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპები იქნება
ჩემთვის დიდი პატივია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. ჩვენს წინააღმდეგობრივ და რთულ სამყაროში, ვაცნობიერებ საერთო საგარეო პოლიტიკის წარმართვაზე აღებულ დიდ პასუხისმგებლობას. როგორც მსოფლიო ლიდერი, ევროკავშირი რეალურ ზეგავლენას ახდენს, როგორც ახლო სამეზობლოში, ასევე მთელს მსოფლიოში.
არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ევროკავშირი დარჩეს სანდო, თანამშრომლობაზე ორიენტირებული და პრინციპული მსოფლიო მოთამაშე, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ ევროპა და მსოფლიო უფრო უსაფრთხო იყოს. აქტიურად ვითანამშრომლებ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ და რეაგირება მოვახდინოთ კრიზისებზე და ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, არალეგალული მიგრაცია ან უთანასწორობა. სურვილი მაქვს ევროკავშირი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, მსოფლიოზე ორიენტირებული აქტორი და მსოფლიო სტაბილურობისა და განვითარების ორიენტირი.
ევროკავშირს გააჩნია ყველანაირი შესაძლებლობა ამ მნშვნელოვანი მისიის შესასრულებლად. ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი და რესურსი - იქნება ეს დიპლომატია თუ ვაჭრობა, განვითარების სფეროში თანამშრომლობა თუ კრიზისების მართვა. ჩვენ გლობალურ წესებსა და სტანდარტებს ვადგენთ და ვმოქმედებთ, როგორც მულტილატერალიზმისა და დემოკრატიული ფასეულობების ერთგული დამცველი. აღნიშნული შესაძლებლობების ერთობლიობა, მსოფლიო გამოწვევებზე რეაგირების საკითხებში ჩვენს წამყვან როლს განაპირობებს და ამასთან, შემდგომი განვითარების გზასაც გვიჩვენებს. ევროპის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა საკმარის საფუძველს ქმნის, რომ მსოფლიოში უფრო გადამწყვეტი როლი შევასრულოთ.
უფრო ძლიერი ევროკავშირის ჩამოყალიბების ხელშეწყობის პროცესში, შემდეგი პრინციპებით ვიხელმძღვანელებ:
რეალიზმი: ძალისმიერი პოლიტიკის პირობებში, უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ, როგორც მსოფლიო ლიდერმა. ამასთან, საჭიროა ვიმოქმედოთ ჩვენი სტრატეგიული ამოცანებისა და ინტერესების მკაფიო საერთო ხედვის შესაბამისად. აგრეთვე, ერთმანეთთან უნდა დავაკავშიროთ ჩვენი პოლიტიკის შიდა და გარე ასპექტები, გამოვიყენოთ ისინი, როგორც ბერკეტები და უფრო სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები მივიღოთ.
ერთიანობა: აუცილებელია გაგვაჩნდეს რეალურად ინტეგრირებული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალასა და მათი ერთობლივი მოქმედების პოტენციალს ევროკავშირის ინსტრუმენტების კოორდინირებულ მობილიზებასთან აერთიანებს. მხოლოდ ამ გზით ჩვენი ერთობლივი ხმა ძლიერად და გარკვევით გაისმება.
პარტნიორობა: დღევანდელი მსოფლიო გამოწვევები ერთობლივ რეაგირებას მოითხოვს. პარტნიორობა არის ევროკავშირის დნმ-ში. მულტილატერალიზმი ჩვენი გლობალური მოქმედების საფუძველია. შესაძლოა საჭირო გახდეს წესებზე დამყარებული სისტემის დახვეწა იმგვარად, რომ იგი 21-ე საუკუნეში გამოგვადგეს, მასზე უარი არ უნდა ვთქვათ.
ევროკავშირს აქვს პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეებისა და პარტნიორების წინაშე მთელს მსოფლიოში. აღნიშნულ პასუხისმგებლობას განეკუთვნება უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა, მდგრადი განვითარების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, აგრეთვე ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა. მოხარული ვიქნები ამ ხედვის გაღმავებას ხელი შევუწყო და უკეთეს, უფრო გამწვანებულ და უსაფრთხო მსოფლიოში უფრო ძლიერი ევროკავშირის ჩამოყალიბებაში წვლილი შევიტანო.
ახალ თანამდებობაზე ჩემს საქმიანობას კი ქალაქ მადრიდში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის COP25 გახსნაზე დასწრებით დავიწყებ, საიდანაც პარიზში გავემგზავრები, რათა ახლახან მალიში დაღუპული 13 ფრანგი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მივაგო.
ᲛᲔᲢᲘ ᲑᲚᲝᲒᲘᲓᲐᲜ
“A Window on the World” – by HR/VP Josep Borrell
Blog by Josep Borrell on his activities and European foreign policy. You can also find here interviews, op-eds, selected speeches and videos.