This isn't an official website of the European Union

უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან მოდიხართ და ევროპაში მოგზაურობთ?

მოსალოდნელია, რომ 2025 წლის მეორე ნახევრიდან “ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის” (ETIAS) სამოგზაურო ავტორიზაცია დაგჭირდებათ

Image
ETIAS GEO

 

რა არის ETIAS-ი?

ETIAS-ის მგზავრობის წინასწარი დასტური (ავტორიზაცია) არის ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნა. ის ეხება მოგზაურებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან, რომლებიც შედიან შენგენის 27 ქვეყნიდან[1]  ნებისმიერში, ბულგარეთში, რუმინეთში ან კვიპროსში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ETIAS-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: europa.eu/etias.

გეხებათ თუ არა ETIAS-ი?

თუ მოდიხართ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან[2], ევროპაში გასამგზავრებლად ETIAS-ის ავტორიზაცია უნდა გქონდეთ. თუმცა ამ წესიდან გამონაკლისები არსებობს – დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ ETIAS-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ეხება თუ არა რომელიმე მათგანი თქვენს სიტუაციას.

Visa-Free Countries

 

7 რამ, რაც ETIAS-ის შესახებ უნდა იცოდეთ

  1. ETIAS-ი არის ახალი მოთხოვნა მოგზაურობასთან დაკავშირებით: თუ ხართ  ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი ქვეყნიდან, მოსალოდნელია, რომ 2025 წლის მეორე ნახევრიდან თქვენ უნდა მიიღოთ ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაცია ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში შასასვლელად.
    • ETIAS-ზე განაცხადისთვის დაგჭირდებათ:
    • პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა 3 თვეს აღემატება
    • ელექტრონული ფოსტის მისამართი
    • ონლაინ ფორმის შევსება
    • გადასახადის გადახდა 7 ევროს ოდენობით
  2. ETIAS-ი მოკლევადიანი ვიზიტებისთვის არის განკუთვნილი: ETIAS-ის მოქმედი სამოგზაურო ავტორიზაციით 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში შეძლებთ დარჩენას ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში.
  3. თქვენი ETIAS-ის ავტორიზაცია ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში, ან სანამ განაცხადში მითითებული პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, რომელიც პირველი მოხდება. შეგიძლიათ იგი მრავალჯერადი შესვლისთვის გამოიყენოთ.
  4. ETIAS-ი არ არის ვიზა: ETIAS-ის ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს ავსებთ ონლაინ, არ გჭირდებათ საკონსულოში წასვლა, თქვენი ბიომეტრიული მონაცემები არ შეგროვდება და ეს ბევრად უფრო სწრაფი და იაფი იქნება, ვიდრე შენგენის ვიზის მიღება.
  5. ევროპა პირველი არ არის, ვინც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობის ავტორიზაცია შემოიღო: მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.
  6. სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე არცერთი განაცხადი არ გროვდება: ETIAS-ის დაწყების ზუსტ ვადებს ევროკომისია მალე გამოაცხადებს.
warning sign

 

ფრთხილად იყავით, გაიგეთ ვის აწვდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს და მომსახურებისთვის რამდენ ფულს გადაგახდევინებენ. თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ვერ იქნება გარანტირებული, თუ თქვენი განაცხადის გასაგზავნად სხვა ვებგვერდს იყენებთ.

 

უფრთხილდით თაღლითებს

არსებობს მხოლოდ ერთი ოფიციალური ETIAS-ის ვებგვერდი: www.europa.eu/etias. როდესაც სისტემა ამოქმედდება, განაცხადის ფორმა ამ ვებგვერდზე გახდება ხელმისაწვდომი.

არსებობს ათობით ვებგვერდი, რომლებიც თავს ETIAS-ის აპლიკაციის ოფიციალურ გვერდებად აცხადებენ: ისინი იყენებენ ევროკავშირის ოფიციალურ ლოგოს, ზოგი კი მოგზაურთა პირად მონაცემებს აგროვებს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის ძალაში შესვლის შემდეგ კომერციული შუამავლებისთვის თქვენი სახელით განახცადის შევსება კანონიერი იქნება, დარწმუნდით, რომ სანდო ოპერატორს მიმართეთ: ზოგიერთმა თქვენი პერსონალური ინფორმაცია, პასპორტის ნომერი და საკრედიტო ბარათიმონაცემები შეიძლება მოიპაროს. მათ ასევე შეუძლიათ მომსახურებისთვის დამატებითი საფასური გადაგახდევინონ. გახსოვდეთ: თუ თქვენ განაცხადს ETIAS-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აკეთებთ, ETIAS-ის ავტორიზაცია მხოლოდ 7 ევრო ეღირება.

ETIAS-ის ოფიციალური ვებგვერდია europa.eu/etias.

ევროკავშირის ყველა ოფიციალური ვებგვერდი შეიძლება იცნოთ europa.eu დომენით.

 

 


[1] ავსტრია, ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, გერმანია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია , ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

[2] ალბანეთი, ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ავსტრალია, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრაზილია, ბრუნეი, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა - რიკა, დომინიკა, სალვადორი, საქართველო, გრენადა, გვატემალა, ჰონდურასი, ჰონგ კონგი, ისრაელი, იაპონია, კირიბატი, მაკაო, მალაიზია, მარშალის კუნძულები, მავრიკი, მექსიკა, მიკრონეზია, მოლდოვა, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, ნიკარაგუა, ჩრდილოეთ მაკედონია, პალაუ, პანამა, პარაგვაი, პერუ, სენტ კიტსი და ნევისი, სანტა ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სამოა, სან მარინო, სერბეთი, სეიშელის კუნძულები, სინგაპური, სოლომონის კუნძულები, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტიმორ-ლესტე, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, ურუგვაი, ვენესუელა.