საქართველო: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის გამოსვლა ევროპარლამენტში მედიასთან დაკავშირებით
ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან.
ქალბატონო თავმჯდომარევ, პატივცემულო [ევროპარლამენტის] წევრებო,
თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რათა ხელი შეუწყოს და დაიცვას აზრის და გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის სხვა უფლებები. ზოგადი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციისა და იდეების თავისუფალი ნაკადის ხელშეწყობით და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის გზით დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს.
მოგეხსენებათ, ჩვენს სამეზობლოში საქართველო ძალიან ახლო პარტნიორია. ჩვენი მყარი ურთიერთობა ეფუძნება ამბიციურ ასოცირების შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, რომლის საძირკველია ჩვენი საერთო ვალდებულება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.
განაჩენი ბ-ნ [ნიკა] გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილია ევროკავშირის განმეორებით მოწოდებების ფონზე სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირების თაობაზე; ეს რეფორმები ნდობის დანერგვის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის წინაპირობაა, რაც დიდი ხანია, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს. ევროკომისიამ მკაფიოდ გამოთქვა აზრი ამ საკითხზე: თუ საქართველოს გულწრფელად სურს ევროპული მომავალი, ქვეყანაში დაუშვებელია პოლიტიზებული სამართლის არსებობა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა.
ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების გახშირებას საქართველოში. ძალადობა და მუქარა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას დაუსჯელობა და დაიწყოს ამ საქმეების მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიება და გააძლიეროს ჟურნალისტების და მედიის სხვა პროფესიონალების დაცვა, უსაფრთხოება და უფლებამოსილება. სამწუხაროდ, მცირე წინსვლაა 2021 წლის 5 ივლისს ლგბტიქ ადამიანებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორების წინააღმდეგ გამოძიებასა და სისხლის სამართლის დევნასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააორმაგოს ძალისხმევა და უზრუნველყოს ნებისმიერი სიძულვილით სავსე და შეუწყნარებელი თავდასხმებისგან შეკრების თავისუფლების დაცვა.
კვლავაც შეშფოთებულნი ვართ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული საკითხების გამო. ევროკავშირმა საქართველოს ამ საკითხების გადაჭრისა და სასამართლოს საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელებისკენ არაერთხელ მოუწოდა.
ნება მიბოძეთ ჩემი გამოსვლის დასასრულს ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ევროკავშირი კვლავ საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია და აქტიურად მონაწილეობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში. ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის, იმ კონტექსტში, როდესაც რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აშკარად ახალი რეალობა შექმნა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ მომენტს, რათა ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე წინ წავიდეს და ძირითადი თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტები დაიცვას და ხელი შეუწყოს. ხელისუფლების მოქმედება ამ სფეროში საქართველოს ევროპულ გზაზე ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯისთვის გადამწყვეტი იქნება.
მადლობა.
ვიდეოს ბმული (25:20-დან): https://audiovisual.ec.europa.eu/en/video/I-226321