რუსეთი / უკრაინა: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის / ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადება შემაკავებელი ზომების მეოთხე პაკეტის შესახებ
ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან
სანამ გრძელდება პუტინის ომი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ, ვინარჩუნებთ გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და კრემლის საომარი მანქანის დაფინანსების პარალიზება მოვახდინოთ.
მოწმეები ვართ, თუ როგორ ახორციელებენ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მასიურ აგრესიას, ომის დანაშაულების ტოლფასი უკიდურესი სისასტიკით, რაც ჰუმანიტარულ კატასტროფას იწვევს.
დღეისათვის დაღუპულია თითქმის 80 ბავშვი და დაღუპული, დაშავებული ან იძულებით გადაადგილებულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულია უკრაინის შიგნით და ორნახევარი მილიონი - ორნახევარი მილიონი ორ კვირაზე ნაკლებ დროში - უკვე ლტოლვილია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს ზოგიერთი ჩვენი წევრი ქვეყნის ზომაა. და, უდავოდ, ეს არის ევროპულ ქვეყნებში ხალხის ყველაზე დიდი გადაადგილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მარიუპოლი და სხვა ქალაქები სასტიკ ალყაშია. სხვა ქალაქები იბომბება.
პუტინი უკრაინის განადგურებას ცდილობს. პუტინი ანადგურებს უკრაინას, მაგრამ აზიანებს საკუთარ ჯარს და საკუთარ მოქალაქეებს. ჯარისკაცები ასობით იღუპებიან, რადგან ამ უაზრო თავდასხმას წინ აღუდგნენ თავისუფლებისთვის მებრძოლი მამაცი და შეუპოვარი უკრაინელები.
გარდა ამისა, პუტინი ანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. რუსეთის ეკონომიკას ჩვენი სანქციები ძალიან მძიმედ აზარალებს.
საერთაშორისო საზოგადოებამ - დაახლოებით 40 ქვეყანამ - პრეზიდენტ პუტინის ომის საპასუხოდ შემოიღო სანქციები და მის რეჟიმს ძლიერ დარტყმას აყენებს.
სანქციების მიზანია შეაჩეროს რუსეთის ჯარის თავზე ხელაღებული, არაადამიანური და აგრესიული ქცევა. სანამ უკრაინასა და უკრაინელ ხალხზე თავდასხმას არ შეწყვიტავს, შემაკავებელი ზომების მიღებას გავაგრძელებთ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა (ურსულა) ფონ დერ ლაიენმა ახლახან აღწერა ევროკავშირის ახალი ზომები, რომელიც ეხება ვაჭრობას, ბაზრის წვდომას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში წევრობას, კრიპტოაქტივებს, ფუფუნების საგნების ექსპორტს და მეტალურგიისა და ენერგეტიკის სექტორებს.
გარდა ამ სექტორული ზომებისა, შემომაქვს წინადადება დაუწესდეს სანქციები უფრო მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც აქტიურ როლს თამაშობს ან მხარს უჭერს იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით უკრაინის სუვერენიტეტს ძირს უთხრიან.
ამ სანქციებით გავაგრძელებთ მოქმედებას ოლიგარქების, რეჟიმთან დაკავშირებულ ელიტების, მათი ოჯახების და გამოჩენილი ბიზნესმენების წინააღმდეგ, ვინც ჩართულია ეკონომიკურ სექტორებში, რომელიც რეჟიმის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს უზრუნველყოფს.
ისინი აქტიურები არიან მეტალურგიულ მრეწველობაში, აწარმოებენ სამხედრო პროდუქციას, აწვდიან ტექნოლოგიებს ან ფინანსურ და საინვესტიციო მომსახურებას უზრუნველყოფენ.
ეს არის კიდევ ერთი დიდი დარტყმა იმ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ბაზაზე, რომელსაც კრემლის თავდასხმა ეფუძნება და მის დასაფინანსებელ რესურსებს იღებს.
ჩვენი სამიზნე იქნება უფრო მეტი ადამიანი, მეტი ადამიანი, ვინც წამყვან როლს თამაშობს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შექმნა-გავრცელებაში - ეს არის ნამდვილი ომი, იდეების ომი, ნარატივების ომი - რომელიც ახლავს პუტინის სავალალო ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
უკრაინის არმიისა და ხალხის მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ასევე დღეს აქ, ვერსალში, ევროპელ ლიდერებს შევთავაზე, უკრაინელი ხალხისა და ტერიტორიის დამცველების საჭიროებებისთვის ევროპული სამშვიდობო ფონდიდან მომდინარე დაფინანსება დამატებითი 500 მილიონი ევროთი შეავსონ და გაზარდონ.
ამით ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. მივესალმებით მათი მოქალაქეების და შეიარაღებული ძალების სიმამაცეს და მათ გვერდით ვდგავართ, სანამ პუტინი ამ უაზრო და დანაშაულებრივ ომს არ შეწყვიტავს.
ვიდეოს ბმული: https://audiovisual.ec.europa.eu/en/video/I-22134