ომი უკრაინაში და მისი შედეგები ევროკავშირისათვის
ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე, რუსული რუბლის ფასი განახევრდა და გაიზარდა ინფლაცია. დახურულია მოსკოვის საფონდო ბირჟა. ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ, როგორიცაა Ikea, McDonald's, Visa და MasterCard ქვეყანა დატოვა. რუსეთის ეკონომიკა წელს მინიმუმ 15%-ით შემცირდება. დასუსტებული და იზოლირებული რუსეთი მომავალში ჩინეთზე ძალიან დამოკიდებული გახდება.
თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი
თუმცა, ამ ომის ძლიერ ზემოქმედებას ევროპაშიც ვგრძნობთ. იზრდება ფასები ენერგომატარებლებზე და, სავარაუდოდ, ასევე გაგრძელდება. ამ აღმაშფოთებელი და საფუძველსმოკლებული ომის შესაჩერებლად ჩვენც, ევროკავშირშიც უნდა გადავიხადოთ ფასი: ამაზეა დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოებისა და ჩვენი დემოკრატიის მომავალი. გადასახდელი ფასი თავისუფლების ფასია.
უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე ასიმეტრიული შოკია, როგორც ამას ეკონომისტები უწოდებენ, რომელიც ევროკავშირმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განიცადა - 2008 წლის ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის და ევროზონის შემდგომი კრიზისისა და კოვიდ-19 პანდემიის შემდეგ. ასიმეტრიული შოკი არის ეკონომიკური პირობების უეცარი ცვლილება, რომელიც ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე, სხვებთან შედარებით, უფრო მეტ ზემოქმედებას ახდენს. უკრაინის ომი ბევრად ძლიერ ზემოქმედებას მეზობელ ქვეყნებზე ახდენს ლტოლვილების გაზრდილი ნაკადებისა და რუსეთის გაზზე მათი დამოკიდებულების გამო.
ასიმეტრიული შოკების მიერ ევროკავშირის დასუსტების თავიდან ასაცილებლად, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და დავეხმაროთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს. ეს არის ის, რაც 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ გავაკეთეთ, თუმცა არც ძალიან სწრაფად. ეს არის ის, რაც კოვიდ-19 პანდემიის ეკონომიკური ზემოქმედების წინააღმდეგ მოვიმოქმედეთ, როგორც ვაქცინების შესაძენად ძალისხმევის გაერთიანებით, ასევე ევროკავშირის შემდეგი თაობის გეგმის ფარგლებში. ეს არის ის, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ.
უკრაინის ომის შედეგები ვერსალში გამართული ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები შეთანხმდნენ, მაქსიმალურად სწრაფად ეტაპობრივად შეამცირონ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე. ვერ გავაგრძელებთ ენერგომატარებლებზე გადახდილი ფულით ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის საწვავით მომარაგებას. კომისია მარტის ბოლოს წარმოადგენს მომავალი ზამთრის სეზონისთვის ენერგომატარებლებით ჩვენი უზრუნველყოფის გეგმას და მაისის ბოლოს დააკონკრეტებს რუსეთის გაზისგან ევროკავშირის დამოუკიდებლების გეგმის (the REPower EU plan) დეტალებს.
პარალელურად, 24-25 მარტს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომაზე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ ენერგომატარებლების ფასების ზრდის ზემოქმედებას ევროკავშირის მოქალაქეებსა და ბიზნესებზე. კერძოდ, სავარაუდოდ დავჭირდება ელექტროენერგიის საბითუმო ფასების სისტემის გადახედვა, რომელიც ამჟამად გაზის ფასებით განისაზღვრება, მიუხედავად იმისა, რომ გაზით ელექტროენერგიის გამომუშავების წილი ძალიან მცირეა.
“რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების შემცირების სამი გზა არის: მიწოდების დივერსიფიკაცია, ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების დაჩქარება.”
ამ გეგმას ექნება ბევრი მნიშვნელოვანი ზემოქმედება როგორც ევროკავშირზე, ასევე მის საგარეო პოლიტიკაზე. რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების შემცირების სამი გზა არის: მიწოდების დივერსიფიკაცია, ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების დაჩქარება. დივერსიფიკაციის ნაწილში უნდა გავზარდოთ თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვები ისეთი მომწოდებლებისგან, როგორიცაა აშშ, ყატარი, ნორვეგია, აფრიკელი მწარმოებლები და სხვ.
ამისათვის გვჭირდება ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია თხევადი ბუნებრივი აირის მიღება და გადამუშავება. ამ სახის ინფრასტრუქტურა ევროპაში არათანაბრად არის განაწილებული. ასეთი ობიექტები ბევრია ესპანეთში, მაგრამ თითქმის არ არის გერმანიაში და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. თუმცა, ამჟამად არ გვაქვს საკმარისი მილსადენები, რომლებიც ესპანეთსა და კონტინენტის სხვა ნაწილებს ერთმანეთთან დააკავშირებენ. მოგვიწევს ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა და თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად ძალისხმევის გაერთიანება.
გარდა ამისა, ევროკავშირში უნდა შევამციროთ ენერგიის მოხმარება და, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნილება გაზზე, ასევე ნავთობსა და ქვანახშირზე, რომლის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების შემცირების მცდელობამ შეიძლება ელექტროენერგიაზე ევროკავშირის ჯამური გადასახადის მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს. ასევე თავიდან უნდა ავიცილოთ ჭარბი გარეგანი დამოკიდებულების ერთი წყაროს მეორე წყაროთი ჩანაცვლება.
ამავდროულად, უნდა დავაჩქაროთ განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება: 2020 წელს ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანამ გადააჭარბა საკუთარ ენერგეტიკაში განახლებადი ენერგიის წილის კუთხით 2008 წელს დასახულ მიზნებს, თუმცა აუცილებელია ამ ტენდენციის კიდევ უფრო გაძლიერება. ეს არის Fit for 55 action plan სამოქმედო გეგმის მიზანი, რომელიც ევროკომისიამ გასულ წელს, ემისიების შემცირების კუთხით გლაზგოში ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, წარმოადგინა. მისი განხორციელება უნდა დავაჩქაროთ.
თავდაცვის ხარჯების გაზრდის აუცილებლობა
დაბოლოს, ეს ომი თავდაცვის ხარჯების გაზრდას გვაიძულებს. თავდაცვაზე უნდა დავხარჯოთ მეტი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, უკეთესად, ანუ ერთობლივად. ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ, მაგალითად გერმანიამ, უკვე მიიღო მნიშვნელოვანი ახალი ზომები, კერძოდ 2022 წელს თავდაცვისთვის დამატებითი 100 მილიარდი ევროს გამოყოფისა და 2024 წლიდან თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 2%-ზე მეტით გაზრდის საშუალებით. ასე უნდა იყოს ყველა ქვეყანაში, სადაც თავდაცვის ხარჯები ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. მაღალი სახელმწიფო ვალისა და მწირი სახელმწიფო რესურსების პირობებში ეს ყოველთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვლადიმერ პუტინი არჩევანს არ გვიტოვებს.
"ევროპის მიწაზე ომის დაბრუნების შემდეგ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღებაში ჩვენ ყველამ უფრო აქტიური წვლილი უნდა შევიტანოთ. სტრატეგიული კომპასი ამ დამატებითი საშუალებების გამოყენების საფუძველსა და NATO-თან სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს."
ევროპის მიწაზე ომის დაბრუნების შემდეგ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღებაში ჩვენ ყველამ უფრო აქტიური წვლილი უნდა შევიტანოთ. სტრატეგიული კომპასი, რომელიც მე მოვამზადე და რომელიც ამჟამად ახალ რეალობასთან მორგების პროცესშია, 21 მარტს საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ დამტკიცდება. ის შექმნის ევროკავშირის ფარგლებში ამ დამატებითი საშუალებების ეფექტიანად და კოორდინირებულად გამოყენებისა და NATO-თან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფის საფუძველს. ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან ერთად ასევე შევისწავლით ჩვენი სამხედრო ხარჯების სტრუქტურას და საინვესტიციო ხარვეზებს და წარმოვადგენთ დამატებით ინიციატივებს ევროპის თავდაცვის სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზის გასაძლიერებლად.
ლტოლვილების მიღება
გარდა ამისა, ეს ომი იწვევს ევროკავშირში ლტოლვილთა მასობრივ შემოდინებას. ჩვენი საზღვრები უკვე 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოკვეთა და სავარაუდოდ მომდევნო დღეებში და კვირებში, პუტინის აგრესიის შედეგად, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. უკრაინის მეზობელმა ევროკავშირის ქვეყნებმა აჩვენეს მობილიზაციისა და ლტოლვილების მიმართ სოლიდარობის არაჩვეულებრივი მაგალითი. ჩვენ უკვე ვეხმარებით ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებიც იღებენ ლტოლვილების დიდ რაოდენობას. მომავალში მეტის გაკეთება დაგვჭირდება. მაგრამ ლტოლვილების პრობლემა დღის წესრიგში აყენებს უფრო ფართო საკითხს, რომელიც თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ჩვენი საერთო პოლიტიკის განახლებას ეხება. ეს პროცესი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, ჯერ არ დასრულებულა.
უკრაინის ომი ასევე უფრო აქტუალურს ხდის ამ კონფლიქტის მსოფლიოს სხვა ნაწილებში მისი გავრცელების თავიდან აცილებისა და სხვა კრიზისების მოგვარების საკითხს. დიდი ხანია ვმუშაობთ ვენესუელაში არსებული პოლიტიკური და ჰუმანიტარული კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მიმართულებით. ასევე უნდა შევამციროთ დაძაბულობა სპარსეთის ყურის რეგიონში. ეს საკითხი დაკავშირებულია ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (JCPoA) განახლებასთან, ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან, საკითხზე, რომელზეც ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ჩვენ ასევე უნდა ყურადღებით დავაკვირდეთ სიტუაციას დასავლეთ ბალკანეთში და კავკასიაში.
უარყოფითი ზემოქმედება ფორმირების პროცესში მყოფი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებზე
ამ ომს მნიშვნელოვანი ზემოქმედება ექნება ფორმირების პროცესში მყოფი ბაზრების მქონე და იმ განვითარებად ქვეყნებზე, რომლებიც ენერგომატარებლების იმპორტს ახორციელებენ. წიაღისეული საწვავის გაძვირებით ისინი ჩვენზე მეტად დაზარალდებიან. და ეს არ ეხება მხოლოდ ენერგეტიკას. ომი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მარცვლეულის, ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და სასუქების ბაზარზე, რომელთა ძირითადი ექსპორტიორები რუსეთი და უკრაინა იყვნენ. ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები ისედაც მაღალი იყო. ფასები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მოიმატებს, რასაც შესაძლოა გაჭირვება და პოლიტიკური არასტაბილურობა მოჰყვეს.
„გასულ წელს ჩვენ ვნახეთ, რომ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების შედეგად განვითარებადი ქვეყნები განვითარებულ ქვეყნებზე მეტად დაზარალდნენ. უკრაინის ომმა, საკვებისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდით გამოწვეული კონფლიქტების რისკების შექმნით, შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო გაართულოს“.
გასულ წელს ჩვენ ვნახეთ, რომ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების შედეგად განვითარებადი ქვეყნები განვითარებულ ქვეყნებზე მეტად დაზარალდნენ. მსოფლიოში შიმშილი და სიღარიბე მნიშვნელოვნად გაიზარდა. უკრაინის ომმა შესაძლოა ამ კუთხით ვითარება კიდევ უფრო გაართულოს, კერძოდ საკვებისა და ენერგომატარებლების ფასების მატებით გამოწვეული კონფლიქტების გაზრდილი რისკის შედეგად, როგორც ეს წარსულში მსგავს სიტუაციებში არაერთხელ ვიხილეთ. მიუხედავად საკუთარი სირთულეებისა, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ იმ დაბალშემოსავლიანი ქვეყნების, მათ შორის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, მხარდაჭერა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამ ომის არაპირდაპირი შედეგებით.
უკრაინაზე თავდასხმით ვლადიმერ პუტინი გვაიძულებს, გადავხედოთ ჩვენი შიდა მოწყობისა და ჩვენი მსოფლმხედველობის სხვადასხვა ელემენტებს. ამ გამოწვევას იმისათვის უნდა ვუპასუხოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები დავიცვათ.
ᲛᲔᲢᲘ ᲑᲚᲝᲒᲘᲓᲐᲜ
“A Window on the World” – by HR/VP Josep Borrell
Blog by Josep Borrell on his activities and European foreign policy. You can also find here interviews, op-eds, selected speeches and videos.