This isn't an official website of the European Union

GITA - მ ევროკავშირის მხარდაჭერით წარადგინა IT ეკოსისტემის განვითარების პროექტი - Do IT with the EU

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ევროკავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა წარადგინეს IT ეკოსისტემის განვითარების გეგმა - Do IT with the EU.

პროექტის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდება მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორებიცაა: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, დიზაინი, და სხვა.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში IT სექტორის ტრანსფორმაციას მსოფლიო დონის სტანდარტების ინტეგრირებით, უნარების განვითარების ხელშეწყობითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების განსაკუთრებული შესაძლებლობების შექმნის გზით.აგრეთვე, დიდი აქცენტი გაკეთდება ქალთა გაძლიერებაზე ტექ ინდუსტრიაში.

“ეს ახალი პარტნიორობა არა მხოლოდ აძლევს სტიმულს ცნობილი კომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე, არამედ ადგილობრივი IT სპეციალისტებისთვის ეს არის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებისა და საერთაშორისო პროექტებში წვლილის შეტანის შესაძლებლობა.” - განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების

სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ. პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება. ერთი არის ჯიტას წარმატებული პროექტის - 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის გაგრძელება, მეორე კი სპეციალურად ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

“IT ეკოსისტემის განვითარების პროექტი წარმოადგენს ტრანსფორმაციულ ნახტომს საქართველოს IT სექტორის მომავლისკენ. პროგრამა წაახალისებს სამუშაო ადგილების შექმნას ინოვატორებისა და მეწარმეებისთვის საერთაშორისო IT კომპანიებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობის მიცემის გზით, რაც, საბოლოოდ, გააძლიერებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას რეგიონში.” - განაცხადა ევროკავშირის თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა.

“Do IT with the EU” პროგრამა დაიწყება სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც 1300-ზე მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება, მოიპოვოს საერთაშორისო სერტიფიკატი და გახდეს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ტექ ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
თათია თათოშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს
მარკეტინგის მენეჯერი, [email protected]