2024 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ - ნაბიჯების / პრიორიტეტების განხორციელების შეფასება
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში შეფასებულია საქართველოს მიერ ცხრა რეკომენდაციის შესრულება.
1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა.
2023 წლის დეკემბერში მთავრობამ მიიღო 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია და 2024 წლის მაისში მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მედიაწიგნიერების ამაღლებაზე, დეზინფორმაციის გამოვლენასა და მონიტორინგზე, სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის განახლებაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა სტრატკომმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით აწარმოვა საინფორმაციო კამპანიები და ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა ღონისძიებები. ადგილობრივმა ანალიტიკურმა ცენტრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ფაქტების შემმოწმებელმა და საგამოძიებო მედიასაშუალებებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მაგრამ ამ სფეროში დიალოგი და კოორდინაცია არ ყოფილა.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ევროკავშირთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულირება. კერძოდ, 2024 წლის აპრილში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის შემდეგ, პერიოდული გახდა ევროკავშირის საწინააღმდეგო მწვავე გზავნილები, რომლებსაც აქტიურად ავრცელებდნენ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები და დეპუტატები. საპარლამენტო არჩევნების წინ გავრცელდა და გაძლიერდა დეზინფორმაციული ნარატივები, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლების და მთავრობასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან.
2. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება.
საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) სფეროში, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებთან და საბჭოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი მუდმივად დაბალი იყო და 49%-ს შეადგენდა. საქართველო არ შეუერთდა რუსეთთან, ირანთან და ბელარუსთან დაკავშირებულ ყველაზე შემზღუდველ ზომებს და კიდევ უფრო გაზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთის სხვადასხვა მიმართულებით. მან ევროკავშირთან თანამშრომლობა განაგრძო სანქციების გვერდის ავლის პრევენციაზე და ამავე დროს მიიღო ახალი კანონმდებლობა, რომელიც ოფშორული სახსრების საქართველოში გადასახადების გარეშე გადარიცხვის ნებას რთავს.
საანგარიშო პერიოდში საქართველო კვლავ უერთდებოდა უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივების, მათ შორის გაერო-ს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებათა საბჭოს, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციებს.
3. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი გადაჭრა, მათ შორის უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობით პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, განსაკუთრებით, იმ კანონმდებლობაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება;
პოლიტიკური პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდგომ. ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე მრავალპარტიული თანამშრომლობა ძალიან შეზღუდული იყო, რადგან შესაბამისი კანონმდებლობის უმეტესი ნაწილის დამტკიცება და დანიშვნები ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ხდებოდა. პარლამენტმა არ უზრუნველყო სამოქალაქო საზოგადოების საკმარისი ჩართულობა საკანონმდებლო პროცესებში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მუქარა ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ გაგრძელდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ოპოზიციური პარტიების რამდენიმე საკვანძო ფიგურისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა მოხდა. 23 აგვისტოს მმართველმა პარტიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების უმეტესობის აკრძალვის გეგმა გამოაცხადა. საანგარიშო პერიოდში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა, პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონების მთელ რიგს, რომლებიც, მისი შეფასებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდა და საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ.
4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;
2024 წლის თებერვალში მთავრობამ მოიწვია ეუთო/ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩაატარა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, რომელსაც უნდა, მოეცვა ამომრჩეველთა 90% და გამოყენებული ყოფილიყო ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების დაახლოებით 70%-ზე. მარტში პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც უგულებელყოფდა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დიდი ხნის განმავლობაში გაცემულ რეკომენდაციებს. ცვლილებები ითვალისწინებს ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს არაპარტიული წევრების დანიშვნას პარლამენტის წევრთა უბრალო უმრავლესობით და არ ითვალისწინებს სხვა ინსტიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ქმედით ჩართულობას. აპრილში პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე დანიშნა. აქამდე არსებული რეკომენდაციები ვენეციის კომისიისა და ეუთოს/ოდირის ერთობლივი შეფასებებიდან ჯერ კიდევ არ არის სრულად შესრულებული. მათ შორისაა საარჩევნო ოლქების საზღვრების განსაზღვრა, მედიაკამპანიის რეგულაციების ცვლილება და ამომრჩეველთა დაშინების წინააღმდეგ პრევენციული ზომები. 2024 წლის მაისში ოპოზიციასთან წინასწარი ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე საარჩევნო კოდექსში შეტანილმა შემდგომმა ცვლილებებმა გააუქმა სახალხო დამცველისა და სადამკვირვებელო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი. იმავე თვეში პარლამენტმა კენჭი უყარა საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმებას, რაც მანამდე 2032 წლამდე იყო გახანგრძლივებული. 16 აგვისტოს ცესკო-მ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, ყველა სახის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრა უნდა ჩატარდეს ხმის მიცემამდე არაუგვიანეს მეშვიდე დღისა, ხმის მიცემის დღის ნაცვლად. არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი, წინასწარმა დასკვნებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში. აღნიშნული სისუსტეები მოიცავს საარჩევნო პროცესის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული ხშირ დარღვევებს, პროცედურულ შეუსაბამობებს, ამომრჩევლების მიმართ დაშინებას და ზეწოლას, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე წინა ძირითად რეკომენდაციებში იყო ხაზგასმული.
5. საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
2024 წლის მარტში პარლამენტმა საპარლამენტო ნდობის ჯგუფში ვაკანტური ოპოზიციური ადგილის შესავსებად პროცესი დაიწყო, მაგრამ ხანგრძლივი შემოწმების პროცედურები ნიშნავდა, რომ არჩეული პირი საკანონმდებლო პერიოდის დასრულებამდე თანამდებობას პრაქტიკულად ვერ დაიკავებდა. ნდობის ჯგუფში კიდევ ერთი ვაკანტური ადგილი მაშინ გაჩნდა, როდესაც საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაინიშნა. უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობის ხარისხი შეზღუდული დარჩა. 2021 წელს ფართომასშტაბიანი უკანონო მოსმენების ბრალდებების გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი სამართლებრივი დევნა არ მოჰყოლია.
2024 წლის მარტში მიღებული საარჩევნო ცვლილებები (იხ. ასევე ნაბიჯი 4) ამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. არანაირი ქმედება არ განხორციელებულა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და სამეურვეო საბჭოს ყველა წევრის გამჭვირვალედ და კონკურენტულად დანიშვნის უზრუნველსაყოფად. 2023 წლის მარტიდან მმართველის დასანიშნად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და საბჭოს ზოგიერთი თანამდებობა ვაკანტური რჩება.
2023 წლის ნოემბერში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, მოიცავდა დებულებებს კომუნიკაციების კომისიის წევრების არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. 2024 წლის ივნისში კომუნიკაციების კომისიამ მიიღო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მათ შორის ქცევის კოდექსი გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთათვის, სახელმძღვანელო მცირე აუდიტორიის განსაზღვრის შესახებ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის წვდომის სტანდარტები მედია სერვისებზე. სიძულვილის ენის დასაძლევად სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება დასრულების სტადიაშია და აუდიო-ვიზუალური მედია სერვისებთან დაკავშირებული დირექტივების ცალკეული ელემენტები, როგორიცაა რეკლამა, სრულად არ არის მოცული.
6. ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით.
2024 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, რომელიც არ ითვალისწინებს 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშის სისტემურ და არსებით რეკომენდაციებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის შესახებ, მათ შორის კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემასთან დაკავშირებით. კანონი ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ერთ მთავარ რეკომენდაციას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ და შეიცავს რამდენიმე უმნიშვნელო პოზიტიურ ელემენტს, მათ შორის გამჭვირვალობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ეტაპობრივ განახლებასთან დაკავშირებით. შესწორებები არ მოიცავს სასამართლო რეფორმის განსახორციელებელ ერთიან და ეფექტიან მიდგომას და არანაირი მომზადება არ ჩატარდა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემის დასანერგად. 2024 წლის ივლისში უბრალო უმრავლესობით დაინიშნა ახალი გენერალური პროკურორი, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ და 2024 წლის ივლისში ახალი წევრების დანიშვნა ხუთი თვით აუკრძალა. მეტიც, 2024 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზა შერჩევის პროცესისთვის ევროპულ სტანდარტებს სრულად არ შეესაბამება.
2023 წელს პროკურატურის შესახებ კანონში შეტანილი შეზღუდული ცვლილებები შეეხო პროკურატურის თვითმმართველობას პროკურორების დასაქმებისას და ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის რეჟიმის მოქმედების ყველა პროკურორზე გავრცელებას. საკანონმდებლო ცვლილებებს საკანონმდებლო ბაზა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოჰყავს, მათ შორის ეს ეხება გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურას და პროკურორების შიდა დამოუკიდებლობას და მათ მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას.
7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების / ფართო მონაცემთა ბაზის შექმნა.
პარლამენტმა „კორუფციასთან ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რამაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის იმუნიტეტის და მამხილებელთა დაცვა გააძლიერა. თუმცა, ანტიკორუფციული ბიუროს ამჟამინდელი ინსტიტუციური სტრუქტურა არ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს, რადგან ცვლილებები არ ითვალისწინებდა ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ინსტიტუტის დამოუკიდებლობასთან, მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან და მაღალი დონის კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო ფუნქციებთან. ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადასაწყვეტია სათანადოდ. ასევე, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა მაღალი დონის კორუფციასთან გასამკლავებლად და ფართომასშტაბიანი პირადი ინტერესებისა და მათი გავლენის დასაძლევად როგორც პოლიტიკურ, ასევე სასამართლო და ეკონომიკურ სფეროებში. საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა ანტიკორუფციული რისკის შეფასების განახლება, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. საქართველო არ შეუერთდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულ ქსელს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის (OECD/ACN).
პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონებში, რომლებიც ითვალისწინებენ ვენეციის კომისიის ზოგიერთ რეკომენდაციას, მათ შორის შერჩევის პროცესსა და საგამოძიებო იურისდიქციასთან დაკავშირებით. ძალაში რჩება ძირითადი შეშფოთება სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნასა და იმუნიტეტთან დაკავშირებით, მაღალი თანამდებობის პირების გამორიცხვასთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ეფექტიანობასა და ფარულ მოსმენებთან მიმართებაში მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით.
8. დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
2023 წლის სექტემბერში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა „პირად“ მიდგომას და 2023 წლის ნოემბერში მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო. სამოქმედო გეგმა ეფუძნება ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს „სისტემური“ მიდგომის შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სახელმწიფო შესყიდვებზე, კონკურენციის პოლიტიკაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და პოლიტიკური პარტიებისა და მედიის დაფინანსებაზე ყურადღების გამახვილებით. გეგმა არ ითვალისწინებს რეგულარულ საკონსულტაციო მექანიზმს ყველა საპარლამენტო პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამოცანების განაწილება და ვადები რჩება ზედმეტად ფართო. საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, კანონში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და მიიღო რამდენიმე პირველადი და აღმასრულებელი საკანონმდებლო აქტი კონკურენციის პოლიტიკასთან დაკავშირებით. 2024 წლის აპრილში პარლამენტის მიერ დაჩქარებული პროცედურებით მიღებულ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ოფშორული თანხების საქართველოში გადასახადის გარეშე გადარიცხვის საშუალებას იძლევა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას არ შეესაბამება.
9. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.
2023-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია არ შეცვლილა 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშის რეკომენდაციების გათვალისწინებით. 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიის განხორციელებისთვის დამტკიცდა 2023 წლის დეკემბერში შეზღუდული კონსულტაციებით და არ შეიცავს დებულებებს ლგბტქ ადამიანებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ.
2024 წლის 17 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობის პაკეტი, რომელიც შედგებოდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონისა და მოქმედ კანონებში შეტანილი 18 ცვლილებისგან, წინასწარი საჯარო კონსულტაციების, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე. 3 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ამ კანონის ხელმოწერაზე ან ვეტოზე უარი თქვა. 2024 წლის აპრილში მმართველი უმრავლესობის მიერ პარლამენტში რეგისტრირებული „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონპროექტი განხილვის პროცესშია. ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო კანონის პროექტი შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებლად მიიჩნია და რეკომენდაცია არ გაუწია მის მიღებას. საკანონმდებლო საქმიანობისა და ჰომოფობიური სიძულვილის ენის მუდმივი გავრცელების შედეგად, ლგბტქ პირები საქართველოში სულ უფრო მტრულ და სტიგმატიზებულ ატმოსფეროში ხვდებიან. 2021 და 2023 წლების „პრაიდის“ მოვლენების დროს მომხდარი ძალადობის ორგანიზებაზე გამოძიება არ დასრულებულა.
საქართველო განაგრძობს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას, თუმცა რჩება ხარვეზები გენდერზე დაფუძნებული ძალადობის პრევენციასა და რეაგირებასთან დაკავშირებით. გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიცია სტამბოლის კონვენციით დადგენილ სტანდარტებს სრულად არ შეესაბამება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიღებულ იქნა 2024 წლის მაისში ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, რომელმაც ამ კანონის მთლიანად გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა. კანონი ხელყოფს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას. ანგარიშგების რთული მოთხოვნები და იუსტიციის სამინისტროსთვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილებები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციების კონტროლისთვის ზრდის მათი შერჩევითი და თვითნებური გამოყენების რისკს. გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკური ლიდერების და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების რიცხვი, განსაკუთრებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციების კონტექსტში. შემთხვევების უმეტესობა ჯერ კიდევ სათანადოდ გამოსაძიებელია.
მოსალოდნელია, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კიდევ უფრო შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და შეამცირებს მათ ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში. გარდა ამისა, კანონის შედეგად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეწყვიტეს 2023 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმასთან. საანგარიშო პერიოდში არ იყო მიღწეული წინსვლა კანონპროექტების ან პოლიტიკის დოკუმენტების შესამუშავებლად კონსულტაციების ან წვლილის შეტანის პროცესებთან დაკავშირებით, და არც სამოქალაქო საზოგადოებასთან სტრატეგიული ჩართულობის კუთხით.
დამატებითი ინფორმაციისთვის
2024 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ (ინგლისურ ენაზე)
2024 წლის კომუნიკაცია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
საინფორმაციო ბიულეტენი „ევროკავშირი და საქართველო“ 2024
ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.