ძირითადი განსხვავებები “ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას” (ETIAS) და „შესვლა-გასვლის სისტემას“ (EES) შორის
ევროკავშირი საზღვრის მართვის ორი ახალი ინიციატივის დასაწყებად ემზადება, რომელიც ევროპაში მოგზაურობაზე გავლენას მოახდენს. ესენია ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) და შესვლა - გასვლის სისტემა (EES). როგორ შეიცვლება მოგზაურობის წესები და რით განსხვავდება ეს ორი სისტემა? ამის შესახებ ქვემოთ მოცემული ინფორმაციიდან გაიგეთ.
რატომ?
ორივე სისტემა მიზნად ისახავს როგორც ევროპული უსაფრთხოების, ასევე მოგზაურების უსაფრთხოების გაძლიერებას.
ETIAS-ი არის ახალი მოთხოვნა უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურებისთვის ხანმოკლე ვიზიტისთვის ევროპის 30 ქვეყანაში შესასვლელად. მათ შორისაა შენგენის ზონის 27 ქვეყანა, ასევე ბულგარეთი, კვიპროსი და რუმინეთი. ETIAS-ის შემოღებისას, უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურებმა მგზაბრობის დაწყებამდე ETIAS-ის მოგზაურობის დასტური (ავტორიზაცია) უნდა მიიღონ. ETIAS-ი ვიზა არ არის და მისი შემოღება მოგზაურთა უვიზო სტატუსს არ ცვლის.
შესვლა-გასვლის სისტემა (EES) დაარეგისტრირებს ევროპაში ხანმოკლე ვიზიტით შემავალ მოგზაურებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და ასევე მოგზაურებს, რომელთაც ვიზა სჭირდებათ. არანაირი ქმედება არ იქნება საჭირო მოგზაურობის დაწყებამდე, რადგან რეგისტრაცია მოხდება EES სისტემით მოსარგებლე ევროპის 29 ქვეყნის (მათ შორის შენგენის ზონის 27 ქვეყანის, ბულგარეთისა და რუმინეთის) გარე საზღვრების გადაკვეთისას. EES სისტემაში რეგისტრაცია განხორციელდება ყოველ ჯერზე, როდესაც მოგზაურები გარე საზღვრებს გადაკვეთენ და ეს პროცედურა პასპორტებში შტამპების ხელით დასმას ჩაანაცვლებს.
Როგორ?
ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციაზე განაცხადის შეტანისას, მოგზაურებს მოეთხოვებათ პირადი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორისა მისამართის, საპასპორტო მონაცემების, დასაქმებისა და წარსულში კონფლიქტის ზონებში მოგზაურობის ან ნასამართლობის შესახებ. ETIAS-ის ავტორიზაციის ფარგლებში ბიომეტრიული მონაცემები, როგორიცაა, მაგალითად, თითების ანაბეჭდები არ შეგროვდება.
EES-ი კი, თავის მხრივ, მოგზაურთა სახეების ფოტოებსა და თითების ანაბეჭდებს შეაგროვებს. სისტემა ასევე შეაგროვებს სამოგზაურო დოკუმენტის მონაცემებს და მგზავრის მიერ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლისა და იქიდან გასვლის თარიღსა და ადგილს.
Როდის?
ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის მისაღებად მოგზაურებმა ევროპაში მოგზაურობის დაწყებამდე საკმაოდ ადრე უნდა იზრუნონ, მაშინ როდესაც EES-ში რეგისტრაცია ამ სისტემის გამომყენებელი 29 ქვეყნის გარე საზღვრებზე ხდება.
ETIAS-ი და EES-ი ერთდროულად არ ამოქმედდება. ჯერ EES-ი ამოქმედდება და მას რამდენიმე თვის შემდეგ ETIAS -ი მოჰყვება.
ზუსტი თარიღები ამ წლის ბოლოს გამოცხადდება.
ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.