This isn't an official website of the European Union

საბჭოს გადაწყვეტილების ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით

საქართველო

132. ევროპული საბჭოს ბოლოდროინდელი დასკვნების გათვალისწინებით, ევროკავშირის საბჭო ხელახლა ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას მის ევროპულ გზაზე. იმავდროულად, იგი იმეორებს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას იმ კურსის მიმართ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან, აგრეთვე სხვა კანონებთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება და წარმოადგენს უკუსვლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. საბჭო მხედველობაში იღებს, რომ ევროპული საბჭო 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში აღნიშნავდა, რომ ასეთი მოქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, რაც, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. საბჭო სინანულს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის უახლეს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

133. საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლება და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო პასუხისმგებელი პირები – დასჯილი.

134. საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას და მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რაც შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს. საბჭო ხაზს უსვამს იმ ცხრა ნაბიჯის განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ კომუნიკაციაში.

135. საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების სფეროებში უკუსვლის გამო. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და პლურალიზმის, აგრეთვე ლგბტი პირთა უფლებებისა.

136. უნდა შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, ძალადობა და დისკრიმინაცია. მხედველობაში იღებს რა, რომ მოქმედი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის გადამწყვეტი კომპონენტია, საბჭო მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს, რომ მისმა ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს ფუნქციონირება შეზღუდვების გარეშე და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩაერთოს.

137. საბჭო სერიოზული შეშფოთებით აღნიშნავს ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებს, რომლებიც მიუთითებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამახასიათებელი იყო რიგი ხარვეზებისა და დაძაბული, უაღრესად პოლარიზებული გარემო. დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების პირობების გაუმჯობესების მიზნით, საბჭო მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს, გამოიძიოს და აღმოფხვრას საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები, შეასრულოს ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების რეკომენდაციები. საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა არის ცხრა ნაბიჯის ნაწილი.

138. საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს კონკრეტული ქმედებები მზარდი პოლარიზაციის დასაძლევად და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმაოს, როგორიცაა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და დეზინფორმაცია.

139. საბჭო წუხილს გამოთქვამს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების უკუსვლისა და, ზოგადად, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ნაკლებობის ზრდის გამო. ჯერ კიდევ საჭიროა არსებითი ძალისხმევა სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმისთვის, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. არანაკლებ მნიშვნელოვანია კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ძლიერი გამოცდილების შექმნა და დეოლიგარქიზაციის მიმართებაში ქმედებების განხორციელება.

140. ეკონომიკურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს მომზადების საშუალო დონეს და შეზღუდულ წინსვლას მოქმედი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში. საბჭო მიესალმება ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელების გაგრძელებას და მოუწოდებს საქართველოს, გააძლიეროს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა და სხვა აუცილებელი სტრუქტურული რეფორმები განახორციელოს.

141. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, სასწრაფოდ შეასრულოს ვიზალიბერალიზაციის დარჩენილი ნიშნულები, მათ შორის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფით, დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნების აღმოფხვრით და ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფით.

142. საბჭო მხედველობაში იღებს საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების გაგრძელებას.

143. საბჭო ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთგული, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით.

144. საბჭო კვლავ გამოხატავს მტკიცე მოლოდინს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებსა და შემზღუდავ ზომებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად, როგორც უმთავრეს პრიორიტეტს, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიღებული ზომების ჩათვლით, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად. საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიციების საწინააღმდეგო ქმედებებისა და განცხადებებისგან. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის პრევენციის მიზნით.

ნახეთ საბჭოს 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების სრული ტექსტი (ინგლისურად): https://europa.eu/!vqh9nP