This isn't an official website of the European Union

ევროკომისიას შემოაქვს წინადადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს

დღეს, ევროკომისიას შემოაქვს წინადადება რომ შეჩერდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილი. თუ საბჭო ამ წინადადებას მიიღებს, საქართველოს დიპლომატებს, თანამდებობის პირებს და მათ ოჯახის წევრებს, რომლებსაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის – 180-დღიან პერიოდში 90 დღემდე ვადით ვიზა დასჭირდებათ. დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებზე აღარ გავრცელდება ვიზის გამარტივების ისეთი პირობები, როგორიცაა განაცხადის განხილვის მოკლე ვადები, დაბალი საფასური და ნაკლები თანდართული დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნა. ეს გადაწყვეტილება უარყოფითად არ იმოქმედებს ადამიანებს შორის კონტაქტებზე, რადგან ჩვეულებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები კვლავაც ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისას.

ეს წინადადება არის პასუხი ძალადობრივ რეპრესიებზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას 2028 წლამდე აღარ შეეცდებოდა.

გარდა ამისა, საქართველოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის მაისში) და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის სექტემბერში) ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებების საფუძველს წარმოადგენს. ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, არის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ვიზალიბერალიზაციის მისაღებად.

ევროკავშირმა უკვე მიიღო ზომები საქართველოში დემოკრატიის მნიშვნელოვან უკუსვლაზე საპასუხოდ: ივნისში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ მიმდინარე მოქმედებების კურსი იწვევდა გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას. ვინაიდან ვითარების გაუარესება გაგრძელდა, 16 დეკემბერს გამართულ საგარეო საქმეთა საბჭოზე განხილვების შემდეგ, კომისიამ გადაწყვიტა, შემოეტანა წინადადება საქართველოს დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე.

შემდეგი ნაბიჯები

ახლა საბჭოს გადასაწყვეტია - მიიღოს დღევანდელი წინადადება და ნაწილობრივ გააუქმოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმება. თუ საბჭო ამ წინადადებას დაამტკიცებს და როდესაც ის ძალაში შევა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწევთ, შესაბამისი ზომები მიიღონ. ეს ნიშნავს, რომ ნამდვილი თანამშრომლობის პრინციპთან შესაბამისობაში, მათ მოუწევთ სავიზო მოთხოვნების დაწესება საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის და ამ ზომების შესახებ სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის და კომისიისთვის შეტყობინება. ასევე წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ, შეწყვიტონ ამჟამინდელი შეღავათები, მათ შორის განაცხადის შეტანის შემცირებული ვადები, შემცირებული სავიზო მოსაკრებელი და ნაკლები რაოდენობის დოკუმენტების წარდგენა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საკითხის ისტორია

ევროკავშირს ამჟამად აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 64 ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან და სუბიექტთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ შენგენის ზონაში 90 დღემდე მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმება 2011 წლის 1 მარტს შევიდა ძალაში. წინამდებარე შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს ორმხრივობის საფუძველზე ვიზების გაცემას მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.

2017 წელს, ვიზალიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს მიენიჭა უვიზო მიმოსვლა მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.

ევროკომისია ყოველწლიურად ატარებს ვიზალიბერალიზაციის ნიშნულების შესრულების მიმოხილვას.

ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.