ევროკავშირის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა III: საქართველოში ქვეყნის დონეზე განხორციელების გეგმა (CLIP) (2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით)
ევროკავშირის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა III-ის - გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისაკენ მიმართული ამბიციური დღის წესრიგის (GAP III) ფარგლებში, რომელიც მიღებულ იქნა 2020 წლის 25 ნოემბერს, ევროკავშირის ინსტიტუტებმა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და შვეიცარიამ შეიმუშავეს GAP III ქვეყნის დონეზე განხორციელების გეგმა (CLIP) 2021-2025 წლების პერიოდისთვის, რომელიც 2021 წლის 4 ოქტომბერს დამტკიცდა და 2023 წლის 15 დეკემბერს განახლდა.
ამ დოკუმენტის მიზანია წარმოადგინოს ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და შვეიცარიის გეგმების მიმოხილვა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში გენდერული თანასწორობის გაღრმავებას ექვს ძირითად თემატურ სფეროში; ესენია: გენდერული ძალადობა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, ქალთა გაძლიერება, უფრო მეტი მონაწილეობა და ლიდერობა, ასევე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის დანერგვა, გამოწვევების დაძლევა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლითა და ციფრული ტრანსფორმაციით შექმნილი შესაძლებლობების გამოყენება.
CLIP გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ „2020 წლის საქართველოს გენდერულ პროფილს“, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებულ მონაცემებს და სხვა ეროვნულ და სექტორულ ანგარიშებს, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან მის ჩართულობასთან დაკავშირებით შედგენილი საგზაო რუქის ძველ და მიმდინარე პროექტს და GAP III-ს ეფუძნება.
CLIP-ის ფარგლებში შეთანხმებული ევროკავშირის საერთო მიზანია საქართველოს მხარდაჭერა გენდერთან დაკავშირებული ხარვეზების შემცირებაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ეტაპობრივი აღმოფხვრისა და ცხოვრების სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში ქალების სხვადასხვა უფლებების უზრუნველყოფისა და გაძლიერების გზით. ეს ამოცანა საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით პროგრამული და პოლიტიკური ვალდებულებებისა და შემოთავაზებული კონკრეტული ქმედებებისა და ინიციატივების საშუალებით განხორციელდება.